სალომე ზურაბიშვილი: სტრასბურგი საქართველოდან გაგზავნილ სარჩელებს ვეღარ აუვა

24.06.25 10:22
სალომე ზურაბიშვილი: სტრასბურგი საქართველოდან გაგზავნილ სარჩელებს ვეღარ აუვა

 

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გიორგი ვაშაძესთან, "სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისში მივიდა. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში  ოპოზიციონერის პროცესი დაიწყო.

  • მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, უშვებს თუ არა გიორგი ვაშაძეს „ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ციხეში.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს უახლეს ისტორიას ამდენი პოლიტ პატიმარი არ ახსოვს. მან კომენტარისას სინდისის პატიმრები გამოყო და თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" ათეულობით ადამიანი "არაფრის გამო" ჰყავს დაკავებული. 

ის, რაც ხდება, სრულიად წარმოუდგენელია იმ ქვეყანაში, რომელიც ეკუთვნის ევროპას, მიდის ევროპისკენ და უთუოდ წავა ევროპისკენ.

ამ სივრცეში, ადამიანის უფლებების ასეთი დარღვევები, კონსტიტუციის, პრაქტიკულად ყველა მუხლის დარღვევა... მგონია, რომ სტრასბურგი ვეღარ აუვა აქიდან წასულ სარჩელებს. 

ამ ქვეყანაში რომ მოვდიოდი, არასდროს ვიფიქრებდი, რომ აქამდე მივიდოდით"- თქვა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ "ქართული ოცნება" დასუსტებულია და სწორედ სისუსტის ნიშანია ის დევნა, რომელიც საქართველოს ემხუთე პრეზიდენტის შეფასებით, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაში გამოიხატება. 

მისი თქმით, პროგნოზის გაკეთება უჭირს, კიდევ რა შეიძლება, მოუვიდეს "ქართულ ოცნებას" თავში. 

დღევანდელ სიტუაციას მე მგონი, პოლიტიკური სპექტრი ძალიან სერიოზულად აღიქვამს, რაც ეხება საზოგადოებას, მგონი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მართლაც ხვდება, თუ რა არის დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა. ნაწილ საზოგადოებაში ასევე, დამკვიდრდა ერთგვარი შიში. ამიტომ, შეიძლება, ამ განცდების გამოხატვა ნაკლებად ჩანს და არ არის გამოტანილი გარეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ხედავს, რაც ხდება.

მე არ ვიცი, რეცეპტებს მათ ვერ მივცემ, მაგრამ ვხედავ, რომ ეს არის უკვე პირველი მათი დასუსტების ნიშნები. რა შეიძლება კიდევ გააკეთონ და რა შეიძლება თავში მოუვიდეთ, ამას ვერც წარმოვიდგენ და ვერც ვურჩევდი"- დასძინა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.  

დღეს მოსამართლემ გიორგი ვაშაძის განაჩენი უნდა გამოაცხადოს. საქმე, ისევე როგორც სხვა ოპოზიციონერი ლიდერების შემთხვევაში, წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადებას ეხება. 

გიორგი ვაშაძე სასამართლო სხდომაზე მისვლას არ აპირებს, ის განაჩენის გამოცხადებას პარტიის ოფისში დაელოდება.

გიორგი ვაშაძე წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.

ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ამავე ბრალდებით გუშინ სასამართლომ 7 თვიანი პატირმობა შეუფარდა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესაც. 

მსგავსი სიახლეები