შეწყვიტეთ განსხვავებული აზრის ჩახშობა და გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი "ოცნებას"

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში გაშვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. დაუთი "ოცნებას" მოუწოდებს, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
„საქართველოში გავლენიანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პარლამენტის ბოიკოტირებისთვის პატიმრობის მისჯა არჩევნებში კონკურენტების დაბლოკვის მიზნით გადადგმული აშკარა ნაბიჯია. „ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს“, - წერს სტივენ დაუთი X-ზე.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს - სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამასთან, დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.