რატომ უკეტავს მედიას სასამართლოს კარს "ოცნება" - სინდისის პატიმრების ადვოკატების შეფასება

მედიისთვის სასამართლოს კარი იკეტება -„ქართული ოცნების“ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სხდომების გადაღება მოსამართლეებზე იქნება დამოკიდებული.
იურისტები, რომლებიც აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს იცავენ, თვლიან, რომ ეს შეზღუდვები მოახლოებულ საბოლოო გადაწყვეტილებებს უკავშირდება, რადგან მათი თქმით, ახლა "ოცნების" ინტერესში არ შედის მედიამ სინდისის პატიმრების საბოლოო სიტყვები საზოგადოებას მოასმენინოს და ასევე უფლებადამცველების თქმით, "ოცნების" ინტერესში არც ცრუ მოწმეების საჯაროდ გამოჩენა შედის.
დღეს მაუწყებლები და ონლაინ მედია ალბათ სასამართლოში მუშაობს ყველაზე კარგად, ვიდრე ეს გასულ პერიოდში გაუკეთებია. ეს არის აუცილებელი, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი აღქმა, რას ცდილობს რეალურად რეჟიმი და როგორ უნდა რომ ციხეში გაუშვას ახალგაზრდა ადამიანები, უდანაშაულო პიროვნებები. თუმცა ამის დამალვა უნდა მათ საზოგადოებისთვის, ამიტომ არის ახალ-ახალი კანონები, რომელიც მუდმივად კრძალავს მედიის მუშაობას და მათ შორის, ახალი კანონი, რომელიც ალბათ, ყველაზე დაჩქარებული წესით წავა, რადგან ახლა უწვეს ბევრი მნიშვნელოვანი პროცესის დასკვნითი ეტაპი, სადაც მოსამართლეებს უწევთ მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება, ისევე როგორც მნიშვნელოვანი გამოჩენა სინდისის პატიმრებს, ამიტომ სურს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები დამალოს და ის ცრუ მოწმეები, რომლებიც ყოველდღე მოდიან პროცესზე, კიდევ უფრო ნაკლებად ცნობადები გახდნენ", - ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
ეს ნიშნავს იმის, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია მედიის და ხალხის ძალის და არ უნდა სასამართლოდან გამოვიდეს ის სიმართლე, რაც ყოველდღიურად გამოდის. "ოცნებას" პროპაგანდა ჩამოენგრა, რომ სინდისის პატიმრები ვითომდა დამნაშავეები არიან, ეს თავისივე ამომრჩევლებმაც იციან, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არ არიან, ამიტომაც სურს, რომ მათი სიტყვა აღარ მივიდეს ქართველ ხალხამდე", - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
ახალი კანონპროექტით, რომელსაც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მედიას სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღების უფლება ეზღუდება.
ცვლილებების თანახმად, სასამართლო პროცესების გადაღების საშუალება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ენიჭება. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა კი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს ასევე ენიჭება უფლება სასამართლოს შენობაში შესულ პირს პირადი ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებები ჩამოართვას.
ცვლილებების მიხედვით, ასევე იკრძალება, მოსამართლის ნებისმიერ ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება, არა მხოლოდ სასამართლო დარბაზში, არამედ საჯარო სივრცეში, საჯარო სივრცედ ითვლება ფბ-პოსტებიც.