მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სინდისის 11 პატიმარს ნების საწინააღმდეგოდ სახაზინო ადვოკატებს უნიშნავს - სხდომაზე ხმაურია

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი 11 სინდისის პატიმარს ნების საწინააღმდეგოდ სახაზინო ადვოკატებს უნიშნავს - გალუსტაშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთმა პატიმარმა, ირაკლი ქერაშვილმა სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო იმ მიზეზით, რომ პროცესს მისი უფლებადამცველი რეზო აჭარაძე არ ესწრება. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ირაკლი ქერაშვილს განუმარტა, რომ თუ სხდომას დატოვებს, მას ადვოკატს სახაზინო წესით დაუნიშნავს.
ამ განმარტების შემდეგ მოსამართლეს ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მიუთითა, რომ რევაზ აჭარაძეს სასამართლო ერთი თვით ადრე გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ივნისის ამ პერიოდში დასწრებას ვერ მოახერხებდა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაცვის მხარესთან შეთანხმების გარეშე ივნისში ორი სხდომა დამატებით ჩანიშნა. გუჯა ავსაჯანისვილის გარდა სხდომების თარიღებთან დაკავშირებით პოზიციები გამოთქვეს სხვა ადვოკატებმაც.
- საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესზე გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას ადვოკატების და ბრალდებულების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია.
ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ მათ საზოგადოებრივი ადვოკატის ყოლა არ სურთ.
ამის შემდეგ ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ნინო გალუსტაშვილმა საკუთარი თავი არ აიცილა და გადაწყვეტილებაც მიიღო. ხვალიდან სინდისის პატიმრებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ. მოსამართლემ სახაზინო ადვოკატებს 16 ტომიანი საქმის გასაცნობად 1 დღიანი ვადა განუსაზღვრა
ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოსამართლეს მიუთითა, რომ სწრაფი მართლმსაჯულება ვერ იქნება იმის არგუმენტი, რომ განხილვა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის 9-თვიან ვადაში დასრულდეს და გათვალისწინებული არ იყოს ადვოკატების საქმიანობა და დატვირთული გრაფიკი.
თქვენ რომ დღეს სახაზინო წესით ადვოკატები დანიშნეთ, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეს ისე გაიყვანთ ბოლოში, როგორც თავში იყო ჩანაფიქრი. ამის უფლებას არ მოგცემთ. ასევე, სივაკოვს და კუხარჩუკს 4-4 ადვოკატი ჰყავს და რა საჭირო იყო კიდევ ერთ სახაზინო წესით დაგენიშნათ?"- უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს