ცაჰკნა: პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს - "ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს
პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა პოლიტიკური ლიდერების დაკავებების სერიას.
ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ პროევროპელი პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს ევროკავშირისკენ გზიდან კიდევ უფრო აშორებს.
„საქართველოს ხელისუფლება კვლავ მიმართავს რეპრესიებს და ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა. პროევროპელი პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს ევროკავშირისკენ გზიდან კიდევ უფრო აშორებს. პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს“, - წერს მარგუს ცაჰკნა.
ცნობისთვის, გუშინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებსი გამო სასამართლომ 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.