ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი ახობაძეს ნერწყვის ნიმუში პოლიციაში ძალის გამოყენებით აუღეს - ადვოკატი

25.06.25 17:27
ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი ახობაძეს ნერწყვის ნიმუში პოლიციაში ძალის გამოყენებით აუღეს - ადვოკატი

სასამართლო პროევროპულ აქციაზე დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმის განხილვას აგრძელებს - დღეს პროცესზე დაცვის მხარემ ალტერანტიული ექპერტიზის დასკვნა მიიტანა და მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიასგან დოკუმენტის საქმეზე დართვა მოითხოვა. შემდეგ სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი, დაურთავს თუ არა ექსპერტიზის დასკვნას  მტკიცებულებად მოსამართლე საქმეს.

ადვოკატების თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დაკავებულ ექიმ-რეანიმატოლოგს ნერწყვის ნიმუში კრიმინალური პოლიციის შენობაში ძალის გამოყენებით აუღეს.

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ბრალდებული ექიმის ნერწყვი ხელოვნურად არის გადატანილი შესაფუთ მასალაზე.

ის ბიოლოგიური მასალა, რომელიც შესაფუთ მასალაზე იყო გადატანილი და ექსპერტი ამბობს, რომ არის გიორგი ახობაძის, არის ნერწყვი. შესაბამისად, ის პოზიცია, სადაც გიორგი ამბობდა, რომ მას დაკავების მომენტში, პირის ღრუში, თითების გამოსმით აუღეს ნერწყვის ნიმუში და ის გადაიტანეს შემდეგ შესაფუთ მასალაზე, ეს დაგვიდასტურდა ამ ექსპერტიზის პასუხით. პროკურატურა აპელირებდა, რომ დნმ-ის ნიმუში, ის ფაქტი, რომ გიორგის დნმ იყო გადასული შესაფუთ მასალაზე, წარმოადგენდა ნეიტრალურ მტკიცებულებას, თუმცა ახლა ეს ნეიტრალური მტკიცებულებაც ეჭვქვეშ დადგა იქიდან გამომდინარე, რომ გიორგის ნერწყვი ვფიქრობთ რომ არის ხელოვნურად გადატანილი და ამის საპირისპირო მტკიცებულება, რა თქმა უნდა, არ არსებობს", - აცხადებს ადვოკატი. 

დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ექიმი გიორგი ახობაძეც. ის სხდომაზე ტრანსპარანტით მივიდა, რომელსაც ეწერა: „არც ერთი ჩამქრალი ოცნება არ იქნება ნაპატიები!“

  • ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს.

მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები