ზვიად რატიანი არ გამორიცხავს, რომ ციხეში ანგარიშსწორების სამიზნე გახდეს
დაკავებული პოეტი, ზვიად რატიანი არ გამორიცხავს, რომ ციხეში ანგარიშსწორების სამიზნე გახდეს. განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.
- "ისეთ ვითარებაში, სადამდეც ქვეყანა დაიყვანეთ, ზემოქმედებისა და ანგარიშსწორების საფრთხე ჩემი მისამართითაა, მათ შორის ციხეში" - თქვა პოეტმა.
მისივე თქმით, ის მიმალვას არ აპირებს, რადგან 200 დღეზე მეტია, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დგას:
რაც შეეხება საფრთხეებს, პუნქტობრივად მივყვები. არსად მივიმალები, რადგან მე ყოველ საღამოს რუსთაველზე უნდა ვიყო. მოწმეებზე ზემოქმედებას რაც შეეხება, ისეთ ვითარებაში, სადამდეც ქვეყანა დაიყვანეთ, ზემოქმედებისა და ანგარიშსწორების საფრთხე ჩემი მისამართითაა, მათ შორის, ციხეში.
რაც შეეხება დანაშაულის გამეორებას - იმ საქმეში, რომელსაც მე ვემსახურები - ლიტერატურაში, ერთი და იმავე მეტაფორის გამოყენება ლამაზი არ არის.
რასაც ბრალად მიყენებთ, ამის გამეორებას არ ვაპირებ", - განაცხადა ზვიად რატიანმა.
პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს.
ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.