საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

25.06.25 21:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

კოსტავას ქუცაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქციაზე დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად მოქალაქეები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ნინო დათაშვილი "ქართულმა ოცნებამ" ციხეში შურისძიების მოტივით ჩასვა და პატიმრობის მიზეზი, არა ჩადენილი დანაშაული, არამედ მასწავლებლის აქტივიზმია.

ნინო დათაშვილის ადვოკატის განცხადებით, ის მხნედ არის, თუმცა უსამართლობის განცდა აქვს, რადგან იცის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში უსამართლოდაა მოთავსებული.

ნინოს ცხადია აქვს უსამართლობის განცდა, რადგან ის უსამართლოდ არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში. ამის მიუხედავად არის მხნედ და ხვდება და იცის, რომ თუ ადამიანები არ იბრძოლებენ საკუთარი უფლებებისთვის, რა რეალობაც არის, რომ ადამიანები ყოველ დღე უსაფუძვლო, დაუსაბუთებლად მიდიან პატიმრობაში, ეს იქნება შეუქცევადი პროცესი.

მასწავლებელი, ქალი, დედა, რომელსაც ჰქონდა ასევე ჯანმრთელობის პრობლემები და ამის შესახებ სასამართლოს ჩვენ ვაცნობეთ, მოათავსა პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრობაში," - განაცხადა ადვოკატმა თამარ გაბოძემ.

მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარშით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. 

ნინო დათაშვილს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები