ჟურნალისტების მოთხოვნას, დაეთმოს რ2-ის ეთერი მზია ამაღლობელის ადვოკატს, ნინო შუბლაძე სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს

26.06.25 00:08
ჟურნალისტების მოთხოვნას, დაეთმოს რ2-ის ეთერი მზია ამაღლობელის ადვოკატს, ნინო შუბლაძე სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს

 

 

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის კოლეგების მოთხოვნას, დაუთმოს "რუსთავი 2"-მა თოქ-შოუ "ღამის კურიერის" ეთერი მზია ამაღლობელის ადვოკატს, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ ნინო შუბლაძემ ტელეარხის პირდაპირ ეთერში თქვა.

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ტელეკომპანიასთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

მოთხოვნა, თუ რა ფორმით, რომელ ეთერში, რა გადაცემაში და რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ჩვენს სტუმარს ამაზე გადაწყვეტილებას იღებს კერძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას“. განაცხადა მან. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და ითხოვენ, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში უპასუხოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, „რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია“.

მედიის წარმომადგენლებმა ამ მოთხოვნით „რუსთავი 2“-ს წერილობით 6 მაისს მიმართეს, თუმცა, მათი განცხადებით, „პროფესიული და საკანონმდებლო ვალდებულებების მიუხედავად, არხის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა“.

“ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და სოზარ სუბარს სასამართლოშიც უჩივლა და მის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების საჯაროდ უარყოფა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები