გაერთიანებული სამეფო "ოცნებას" აფრთხილებს - რა უთხრეს ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელს დიდი ბრიტანეთის საგარეოში

01.07.25 10:17
გაერთიანებული სამეფო "ოცნებას" აფრთხილებს - რა უთხრეს ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელს დიდი ბრიტანეთის საგარეოში

რა უთხრეს "ოცნებას" დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში - თბილისში ბრიტანეთის საელჩო ინფორმაციას ავრცლებს, სადაც წერს, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა  საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულთან მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.

საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საგარეოში დაბარებულ "ოცნების" წარმომადგენელს ასევე ესაუბრნენ დაკავებული ოპოზიციის ლიდერების და ქვეყანაში თავისუფალი აზრის დევნის შესახებ და გააფრთხილეს, რომ თუ საქართველო არ დაუბრუნდება "დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას, ბრიტანეთი "არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას"

  • ეს განცხადება ბრიტანეთის საგარეო უწყების სპიკერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერთიანებულ სამეფოში ელჩს მოვალეობის შემსრულებელი გიორგი საგანელიძე დაიბარეს. ამ დროისთვის საქართველოს დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად ელჩი არ ჰყავს. სოფიო ქაცარავას თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუვიდა.

დღეს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა ქართული ოცნების მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა:

„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა,  შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.

„საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს“.

„დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას,  თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”.- წერია განცხადებაში.

ასევე, შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ერთგვარი გაფრთხილება ქართული კერძო-სექტორისთვის, თუ როგორ უნდა აარიდოს ქართულმა ბიზნესმა თავი სანქციებს. 

მსგავსი სიახლეები