მაღაროელი: მოშიმშილეებს კიდევ 2 მაღაროელი შეუერთდა, 7-დან 3-ს პირი ამოკერილი აქვს

01.07.25 23:53
მაღაროელი: მოშიმშილეებს კიდევ 2 მაღაროელი შეუერთდა, 7-დან 3-ს პირი ამოკერილი აქვს

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, შვიდი ადამიანი შიმშილობს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი "მაღაროელი" ავრცელებს. მისივე ცნობით, პროტესტის უკიდურეს ფორმას დღეს კიდევ ორმა მაღაროელმა მიმართა, სამს კი პირი აქვს ამოკერილი.

"დღეს პროტესტის 124-ე და შიმშილობის 13-ე დღეა. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება.

პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.

დღეს უკიდურესი ფორმის პროტესტს კიდევ ორი მოშიმშილე შეუერთდა — ამჟამად შიმშილობს შვიდი ადამიანი, ხოლო სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი - მირზა ლოლაძე, გოგა აბესაძე, შავლეგ გოგსაძე.

შიმშილობენ: ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე, ჯანო ლაბაძე, მერაბ სარალიძე (ციხეში).

ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი — იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო.

შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე.

თავისუფლება და სოლიდარობა ბიჭებს!", - წერს მაღაროელი.

მაღაროელებმა შიმშილობა მას შემდეგ განაახლეს, რაც პირობა, რომელიც დაკავებულების გათავიუფლების შესახებ მიიღეს, არ შესრულდა. 

12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ 4 მაღაროელს - მერაბ სარალიძეს, არჩილ ჭუმბურიძეს, გიორგი ნეფარიძესა და თენგიზ გველესიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა და მათი წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.

4 მაღაროელი 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები