"ქართული ოცნება ომის პარტიაა" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები პროცესების გახსნას ითხოვენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე მიმდინარეობს.
პროევროპულ აქციაზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები "ოცნების" გადაწყვეტილებას, სხდომებზე ტელეკამერების არდაშვებასთან დაკავშირებით, აპროტესტებენ და პროცესების გახსნას ითხოვენ.
2007 წელს, გირგვლიანის საქმის მიმდინარეობისას სასამართლო პროცესები დახურეს. ოღონდ მაშინ ეზოებსა და დერეფნებში მედიების შესვლა აკრძალული არ იყო. ეს მედიისადმი ბრძოლას ნიშნავდა მაშინ და გარკვეული დიქტატორულიუ ნაბიჯები იდგმებოდა უკვე, მაგრამ ახლა რაც ხდება გაცილებით მეტია, ვიდრე მაშინ. ტყუილა ფიქრობს, "ქართული ოცნების" ამომრჩეველი, რომ ეს პარტია არის მშვიდობის პარტია, ეს პარტია არის ომის პარტია", - აცხადებს სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.
"ოცნების" მხარდამჭერებს დაუხურეს ეს პროცესი, რომ სიმართლე არ გაიგონ. თუ ეს ბავშვები დამნაშვეები არიან, მისმა მხარდამჭერებმაც მოსთხოვონ, გახსნან პროცესები და დაინახოს ხალხმა სიმართლე", - აცხადებს სინდისის პატიმრის მშობელი.
სასამართლო პროცესის დაწყებისას პროკურორებმა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების გამოკვლევა დღევანდელ სხდომაზე მოითხოვეს. ასევე, პროკურორებმა შუამდგომლობით მოითხოვეს ექსპერტიზის დასკვნების საქმეზე დართვა და დღეს გამოკვლევა.
დაცვის მხარის ადვოკატების განმარტებით, დაცვის მხარეს შუამდგომლობა დღეს ჩაბარდა, თუმცა დასკვნები გუშინ გადაეცათ. ადვოკატებმა განმარტეს, რომ შუამდგომლობის გაცნობა ვერ მოასწრეს, რადგან აღნიშნული შუამდგომლობა დღეს გადაეცათ. მათივე განმარტებით, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი მიიღეს და შესაბამისად, პოზიციას დღევანდელ პროცესზე ვერ დააფიქსირებდნენ, თუმცა ხვალ ჩანიშნულ სხდომაზე თავის პოზიციას განმარტავდნენ.
მოსამართლის, თამარ მჭედლიშვილის გადაწყვიტილებით კი პროცესზე ნახევარი საათი შესვენება გამოცხადდა, რათა ადვოკატები შუამდგომლობას გასცნობოდნენ. ამ დროისთვის, სასამართლო პროცესი უკვე განახლდა.
- რეზონანსული საქმეების გადაღების უფლებას TV პირველი ახალი კანონით ითხოვს, მაგრამ იუსტიციის საბჭო ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს და ნებართვას არ გასცემს. არაფერს ამბობენ საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურშიც.
- ეს მაშინ, როცა "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ახლი კანონით უფლებამოსილ პირს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გადაღების ვალდებულება აქვს.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.