სინდისის 8 პატიმრის საქმე - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მედიას გადაღების უფლება არ მისცა

საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის საქმის განხილვა მიმდინარეობს - ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მოსამართლეს TV პირველის და სხვა მედია საშუალებებისთვის სხდომის გადაღების უფლება მიეცა, თუმცა თამარ მჭედლიშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოში, სადაც ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე მიმდინარეობს, დაშვებული არაა ფოტო- ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.
TV პირველმა ახალი კანონით დადგენილი წესით იუსტიციის საბჭოს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.
თუ ევროპაში ციხეშია შესაძლებელი ინფორმაციის საჯაროობა, რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი, რომ სასამართლოში იგივე სტანდარტით ვიმოქმედოთ? - ჰკითხა ადვოკატმა კახა კოჭორიძემ მოსამართლე მჭედლიშვილს.
„ჩვენთვის არის ცნობილი, რომ TV პირველს აქვს იუსტიციის საბჭოში წარდგენილი განცხადება...
საბჭომ უნდა გასცეს ნებართვა, ტელეკომპანიას მიეცეს შესაძლებლობა აღნიშნული პროცესის ვიდეოგადაღება მოხდეს.
სასამართლო უნდა იყოს ადამიანის უფლებების მთავარი მცველი. მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს უფლება, ჩემი მთავარი მცველი, უფლბების გარანტი, სასამართლო თავის კონსტიტუციურ ფუნქციას როგორ ასრულებს.
ეს კონკრეტული საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა... აქ გვესწრება საკმაოდ ბევრი ადამიანი და ამათ გარდა არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელთაც სურთ, მიიღონ ინფორმაცია. თუნდაც ის ინფორმაცია, რომელიც შუქდება და რა ნახვებიც აქვს, მიუთითებს დიდ ინტერესზე.
უდავოა და ცალსახაა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს კონკრეტული საქმის გაშუქებასთან დაკავშირებით...
გავეცანი ტვ პირველის განცხადებას, შუამდგომლობას იუსტიციის საბჭოში. ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტილებაა მითითებული - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სამართლებრივ დაწესებულებებში, ციხეშიც კი უნდა გქონდეს ინფორმაციის მიღების უფლება და მათ შორის, ვიდეოკადრების გადაღების უფლება.
ჩვენ ვისწრაფით ევროპული სტანდარტებისკენ და ჯერ კიდევ არსებობს ჩანაწერი, რომ სახელმწიფო დაწესებულებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და სასამართლო არის კონსტიტუციური ორგანო, კონსტიტუცია ავალებს სასამართლოს, რომ იმ სტანდარტით ისარგებლოს, რაც ევროკავშირშია.
თუ ევროპაში ციხეშია შესაძლებელი ინფორმაციის საჯაროობა, რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი, რომ სასამართლოში იგივე სტანდარტით ვიმოქმედოთ, ეს შეიძლება რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხის მიღება.
მე რაზეც ვისაუბრე, არსებობს დაშვება გამჭვირვალობის, არსებობს დაშვება საჯაროობის. ევროპული კონვენცია ითვალისწინებს ამ საჯაროობის შეზღუდვის შესაძლებლობას, მაგრამ ეს შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებელი. თუ ჩვენ ვზღუდავთ ამ პროცესზე საჯაროობის და გამჭვირვალობის, რითია გამართლებული? ასეთი განმარტება ვერ მოვისმინეთ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების დროს... კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა მოსამართლის უფლებები შეზღუდა.
ზოგადად აპრიორი აკრძალვა იმისა, რომ მედიამ არ იმუშაოს სასამართლოს დარბაზში, მაშინ როცა ვისაუბრე, რა სტანდარტები უნდა არსებობდეს, არასწორია“, - განაცხადა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ "პუბლიკას" თანახმად.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.