რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია

02.07.25 18:14
რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსიაშვილი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუს-ის ცნობით, მოსიაშვილის გათავისუფლების პროცესში გამოყენებული იყო ყველა შესაძლო სამართლებრივი და დიპლომატიური არხი, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი ე.წ. ცხელი ხაზის მექანიზმი.

გიორგი მოსიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები