სინდისის პატიმრები განაჩენის მოლოდინში - დღეს საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საქმეებზე საბოლოო პროცესები გაიმართება
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება და სავარაუდოდ, განაჩენიც გამოცხადდება.
საბა ჯიქიას სასამართლო სხდომა 10:30 საათზე, ხოლო გიორგი მინდაძის 15:00 საათზე დაიწყება. სინდისის პატიმრების დაცვის მხარეების დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
ზვიად ცეცხლაძის დედამ, ნარგიზი დავითაძემ საბა ჯიქიას, გიორგი მინდაძესა და სინდისის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა.
საბა არის ზვიადის მესაკნე და სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ყველა პატიმარს და დღეს კიდევ არის ნანი წულაიას შვილის დასკვნითი, როგორც საბასი და ყველა ელოდება ცუდ მოლოდინებს. ერთი კაცი წყვეტს, ესენი უბრალოდ მათ თამაშს თამაშობენ. არაუშავრს, ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება ქვეყანას.
მალე გავიმარჯვებთ. არ გვაშინებს, ვიცით რა შედეგებიც გვექნება, მაგრამ ზღაპრის ბოლო კეთილია" - განაცხადა ზვიად ცეცხლაძის დედამ, ნარგიზი დავითაძემ.
საბა ჯიქიას გომელაურის პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. 2006 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.