მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ხელბორკილები ბიზნესმენს დაადეს - ისანში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

სისხლიანი ანგარიშსწორება ისანში - "პირველების" ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი ავტოსადგომისთვის დაწყებული ჩხუბის გამო მოკლა.
როგორც "პირველებს" თვითმხილველები ეუბნებიან, 64 წლის ბიზნესმენმა, ლევან ჩხეიძემ, 37 წლის კაცს, რომელიც მის მეზობლად ქირით ცხოვრობდა, შენიშვნა მისცა მანქანის პარკინგის გამო. მეზობლების თქმით, ლევან ჩხაიძეს ადრეც ბევრჯერ უთქვამს შენიშვნა მოკლული კაცისთვის იმავე მიზეზის გამო, ამჯერად კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 37 წლის კაცმა ბიზნესმენს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად მის სახლში ძალის გამოყენებით შევარდა და დაპირისპრიება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
როგორც "ტვ პირველს" უყვებიან, სწორედ ამ დროს გამოიტანა 64 წლის ბიზნესმენმა სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც სამი გასროლა მოჰყვა და გულში მიღებული ჭრილობით, 37 წლის მეზობელი ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულში მხილებული ბიზნესმენი ახლა კლინიკაშია გადაყვანილი, ის ნაცემია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. დაკავებულს ხელბორკილი საავადმყოფოს პალატაში დაადეს.