"ჩვენ "დავისაჯეთ" კანონის დაცვის გამო" - პარლამენტიდან საჯარო მოხელე გაათავისუფლეს
პარლამენტიდან საჯარო მოხელე გაათავისუფლეს - როგორც ხატია ვაშაყმაძე, ჯგუფ "დაიტოვეში" წერს, დღეს მისი ბოლო სამუშაო დღეა საკანონმდებლო ორგანოში.
ვაშაყმაძის თქმით, გათავისუფლების საფუძველად ბრძანებაში რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება დაუსახელეს.
არ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელის გათავისუფლება ნორმალიზებული იყოს ქვეყანაში - წერს საჯარო მოხელე და აცხადებს, რომ "კანონის დაცვის გამო დაისაჯა".
მაშ, ასე.. როგორც ჩანს ჩემი დროც მოვიდა. დღეს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა პარლამენტში.
ვრცელი ტექსტი გამოვა, მაგრამ ბოლომდე წასაკითხი. უკლებლივ ყველამ უნდა გაიაზროს, რა აბსურდში გვიწევს ცხოვრება! არ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელის გათავისუფლება ნორმალიზებული იყოს ქვეყანაში. დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებები იცვლებიან არჩევნებით, საჯარო მოხელეები კი რჩებიან ხალხის და სახელმწიფოს სამსახურში. ჩვენ ვემსახურებით ხალხს და ქვეყანას, და არა რომელიმე პარტიას.
2014 წლიდან ვმუშაობ საჯარო სამსახურში (როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ნაწილში). ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ვმუშაობ ჩემი ქვეყნისთვის (მნიშვნელობა არ აქვს მენეჯერულ პოზიციაზე ხარ, თუ რიგითი საჯარო მოხელე). ვმუშაობ, ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩემი ნებისმიერი შესრულებული სამუშაო უმცირესი აგურის ნატეხია, რომელიც ამ ქვეყნის კედლებს სჭირდება გასამაგრებლად. ვისაც საჯარო სექტორში რიგით პოზიციაზე ერთხელ მაინც უმუშავია, დამეთანხმება, რომ არც ხელფასი, არც დაფასება და არც რაიმე დამატებითი სარგებელი ნამდვილად არ აქვს აქ მუშაობას. პირიქით, კერძო სექტორში წინსვლის და დამსახურებული ანაზღაურების მიღების ასჯერ მაღალი შანსი აქვს ადამიანს.ჰოდა, რადგან ქვეყნისთვის მუშაობის შეგრძნება ჩემთვის დამატებითი ემოციური საკვებია, შემოვრჩი აგერ უკვე მეთერთმეტე წელია. ამ თერთმეტი წლიდან არასრული ოთხი წელი ვიმუშავე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების მთავარ სპეციალისტად.
ამ თერთმეტი წლის მანძილზე, თითქმის ყველა სამსახურში, მაქსიმალურ თანხვედრაში ყოფნას ვცდილობდით ევროკავშირის კანონმდებლობასთან, გავრცელებულ პრაქტიკასთან თუ რეკომენდაციებთან. ბუკვალურად ნახევარ საჯარო სექტორს ღამეები უთენებია ევროკავშირთან ჰარმონიზაციის საკითხებზე მუშაობაში. 28 ნოემბრის შემდეგ, მეგონა საჯარო სექტორი სრულად დადგებოდა ფეხზე. სულ მცირე საკუთარი ნათენები ღამეები დაენანებოდათ წყალში ჩასაყრელად. იმედი გამიცრუვდა. თუმცა იმდენი ღირსეული და მამაცი საჯარო მოხელე გავიცანი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, რომ ეს იმედგაცრუება გადაიფარა. მჯერა, რომ ეს ხალხი შეძლებს ახალი ქვეყნის აშენებას.
ჩემს საკითხს რომ დავუბრუნდეთ, პირველ რიგში მე საჯარო მოხელე ვარ (დღევანდელი დღის ჩათვლით). საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მოცემული ფიცი მაქვს დადებული:
„შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს, დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს, პატივს ვცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს“.
ჩვენ "დავისაჯეთ" კანონის დაცვის გამო, საჯარო მოხელის ფიცის შესრულების გამო. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მხარდაჭერის გამო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დაცვას, საჯარო მოხელის ფიცი და შესაბამისად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი გვავალდებულებს. ჩვენ ვემსახურებით ხალხს და სახელმწიფოს!
სენტიმენტები გვერდით გადავდოთ და სუფთად ტექნიკური დეტალები მიმოვიხილოთ. 2021 წლის 13 აგვისტოს დავიწყე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში მუშაობა. რეორგანიზაციის დაწყებამდე მომიწია სამი შეფასება (საჯარო მოხელე, ძველი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, წელიწადში ერთხელ ფასდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ), სამივე შეფასება "საუკეთესო".ჩემს განყოფილებაში სულ ოთხი შტატია, განყოფილების უფროსის (ვაკანტური), ორი მთავარი სპეციალისტის და წამყვანი სპეციალისტის (ვაკანტური).
2022-2023 წელს ჩემი განყოფილების უფროსი (უნიჭიერესი, უკარგესი ადამიანი ❤) ერთი წლით აშშ-ში წავიდა სამაგისტრო პროგრამით, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა და 2023 წლის სექტემბრისთვის ამჯერად ერთი სემესტრით წავიდა პროფესორის ასისტენტად. ამ პერიოდში განყოფილებაში ვაკანტური იყო მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაც. რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მე (მთავარი სპეციალისტი) და წამყვანი სპეციალისტი ვიყავით სამსახურში. ორი ადამიანი ოთხის ნაცვლად. განყოფილების უფროსი მნიშვნელოვნად იყო ჩართული სამუშაოებში, თუმცა განსაკუთრებით ნიდერლანდებთან მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, გახშირებულ შეხვედრებში, პრეზენტაციებში და სამუშაო ჯგუფებში მე მიწევდა მონაწილეობა. ფაქტობრივად შემიძლია თქმა, რომ არაოფიციალურად განყოფილების უფროსის სამუშაოს დიდ ნაწილს ვასრულებდი აღნიშნული წელიწადნახევრის განმავლობაში. 2024 წლის ივლისში განყოფილების უფროსი წავიდა სამსახურიდან და ამ თარიღის შემდეგ, სრულად ჩემზე გადმოვიდა განყოფილების უფროსის ფუნქციები, რა თქმა უნდა ისევ არაოფიციალურად.ოფიციალურად მე არავინ დამნიშნავდა. ამ დროს პეტიციაზე არ მქონდა ხელი მოწერილი, თუმცა ხმამაღლა ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით (როგორც პირველი, ასევე მეორე კანონის შემთხვევაში). ჩემი შეფასებით, რომ არა პოლიტიკური კომპონენტი, არათუ სრულად შესაბამისი ვიყავი განყოფილების უფროსის პოზიციისთვის, არამედ ვასრულებდი კიდეც არაოფიციალურად ამ ფუნქციას.
საინტერესო მომენტი: ჩემი გათავისუფლების საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებაა. „გათავისუფლდეს სამსახურიდან საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხატია ვაშაყმაძე შტატის შემცირების გამო, 2025 წლის 2 ივლისიდან.“
რეორგანიზაციამდე რამდენიმე თვით ადრე აიყვანეს ახალი მთავარი სპეციალისტი (ძალიან კარგი ადამიანი ❤), თუ შტატები შესამცირებელი იყო, რატომ აიყვანეს ახალი თანამშრომელი?!
სამართლიან გარემოში განყოფილების უფროსად უნდა დავეწინაურებინე. მაგრამ ეს ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. შტატების შემცირების დროს, პირველ რიგში უქმდება ვაკანტური შტატი, ამ წუთის მდგომარეობით, ჩემს განყოფილებაში ვაკანტურია განყოფილების უფროსის და წამყვანი სპეციალისტის პოზიცია. გასაგებია, რომ განყოფილების უფროსის შტატს ვერ გააუქმებენ, წამყვანი სპეციალისტის პოზიცია არ ვიცი გაუქმდა თუ არა.თუ მაინცდამაინც მთავარი სპეციალისტის შტატი უნდა შემცირებულიყო, გვაქვს ორი მთავარი სპეციალისტის შტატი: პირველი - მე, რომელიც თითქმის ოთხი წელია ვმუშაობ და სამიდან სამივე შეფასება მაქვს საუკეთესო, არანაირი საყვედური და პრეტენზია ჩემს მიმართ არასდროს ჰქონიათ; მეორე - ჩვენი ახალი თანამშრომელი, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაცდელ ვადაზეა. ეს რა თქმა უნდა არ ეხება კონკრეტულ თანამშრომელს, ვსაუბრობ მხოლოდ ტექნიკურად რეორგანიზაციის არასწორ ჩატარებაზე. მე უფრო დაცული უნდა ვიყო კანონით, რადგან ვარ შტატში, ვიდრე თანამშრომელი, რომელიც გამოსაცდელი ვადითაა გაფორმებული.
დისკრიმინაცია, პოლიტიკური რეპრესიები და შევიწროვებები აღარ გვიკვირს. მე არც პირველი ვარ და სამწუხაროდ, არც უკანასკნელი. მაგრამ ვფიქრობ, ყველამ ხმამაღლა უნდა გააჟღეროს ყველა უსამართლობა. ხალხმა უნდა იცოდეს როგორ იდევნებიან ხალხის და სახელმწიფოს მსახურებისთვის საჯარო მოხელეები. დღეს 216-ე დღეა ჩემი პროტესტის, და მაინც ჯიუტად მესმის ხოლმე საჯარო მოხელეების დამუნათება. არადა არავისზე ნაკლები რაოდენობით და არავისზე ნაკლები ინტენსივობით არ ხმაურობს საჯარო სექტორი. არცერთი საღამო (გარდა ბიულეტენზე ყოფნის პერიოდისა), არ გამომიტოვებია. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს რომ რეპრესიებს გავდივართ ჩვენც.
საბოლოო ჯამში მათი პოზიცია ასეთია: არცერთი პრეცენდენტი არ იქნება დაშვებული, რომ ვინმე დარჩეს (პეტიციაზე ხელმომწერი). ისიც კი გაჟღერდა, რომ ჩემთან პირადად პროფესიული პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ მეც ხომ ვიცი, როგორ მიიღება გადაწყვეტილება. დიახ, ვიცი.. სწორედ ესაა სისტემის სიმახინჯე.საჯარო სამსახურში დარჩენილ კადრებს მივმართავ. აქ პეტიციაზე ხელმოწერა სრულიად პირობითი მიზეზია. არც ის დროა შორს, როცა მქუხარე ტაშის პირველი შეწყვეტისთვის გაგიშვებენ სამსახურიდან (დაემთხვა და სოლჟენიცინს ვკითხულობ ახლა, იდეალურად და ნაბიჯ-ნაბიჯაა გაწერილი როგორ მივალთ იმ დონემდე, რომ უბრალოდ კითხვის დასმისთვის გაგვაქანებენ გულაგებში). ახლა გადატანითი მნიშვნელობით ვწერ ამ ყველაფერს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული ძალიან მალე გავიღვიძოთ ზუსტად ამ რეალობაში.
P.S. საქართველოს გზა ევროპაშია!
P.P.S ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!
P.P.P.S. იბრძოლე, სანამ გვიანი არ არის!
01.07.2025", - წერს ხატია ვაშაყმაძე.