"მოვუწოდებთ [კომუნიკაციების] კომისიას, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი!" - მედიის ადვოკატირების კოალიცია
მედიის ადვოკატირების კოალიცია" კომუნიკაციების კომისიას მიმართავს და მოუწოდებს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი იყოს.
ორგანიზაცია წერს, რომ "კომუნიკაციების კომისიას აქვს არჩევანი "ოცნების" ინტერესების სამსახურსა და საკუთარ მისიას შორის.
კომუნიკაციების კომისიას აქვს არჩევანი "ქართული ოცნების" ინტერესების სამსახურსა და საკუთარ მისიას შორის, რაც დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი მარეგულირებლის ფუნქციას გულისხმობს.
კომისიას აქვს არჩევანი, დაიცვას ჟურნალისტური თავისუფლება საქართველოში.
"ქართული ოცნება" სხვადასხვა მეთოდით ცდილობს დამოუკიდებელი მედიის ხმის ჩახშობას. ტელეარხების "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შესული საჩივარი მედიის დაცენზურების ერთ-ერთი ხერხია.
საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ დღეს უნდა გამოაცხადოს.
პარტია ტელევიზიებს ტერმინების გამოყენებას ედავება - ანუ, რეალობის აღწერას უკრძალავს.
კომისიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ:
- საზოგადოებრივი ინტერესი პოლიტიკური ძალების კრიტიკულ შეფასებაზე უფრო მაღალია.
- ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საჯარო განხილვა დემოკრატიის საფუძველია და არა დასჯის საგანი.
- მედიას უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შესაბამისი დახასიათება და შეფასება მისცეს. ეს არის ჟურნალისტიკის არსი.
მოვუწოდებთ კომისიას, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი!" - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ მიმართული საჩივრები წინა კვირას დასაშვებად ცნო.
- საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრები, რომელიც კომისიაში დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს.
"ტვ პირველის" შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, "ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - "ოლიგარქი"; "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..