პოლიციამ იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

05.10.21 11:03
პოლიციამ იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი. 

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1985 წელს დაბადებულ მ.ყ. და 1990 წელს დაბადებული ვ.გ.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მ.ყ.-ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
რაც შეეხება ვ.გ.-ს, იგი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 6 ვაზნით.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს"- წერია განცხადებაში.