სისხლიანი ანგარიშსწორება ისანში-განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წაუყენეს

03.07.25 20:17
სისხლიანი ანგარიშსწორება ისანში-განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივლისს ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ორ პირს. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირმა შეძლო ბრალდებულისათვის იარაღის წართმევა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სისხლიანი ანგარიშსწორება ისანში - მეზობელმა მეზობელი ავტოსადგომისთვის დაწყებული ჩხუბის გამო მოკლა. 64 წლის ბიზნესმენმა, ლევან ჩხეიძემ, 37 წლის კაცს, რომელიც მის მეზობლად ქირით ცხოვრობდა, შენიშვნა მისცა მანქანის პარკინგის გამო. მეზობლების თქმით, ლევან ჩხაიძეს ადრეც ბევრჯერ უთქვამს შენიშვნა მოკლული კაცისთვის იმავე მიზეზის გამო, ამჯერად კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 37 წლის კაცმა ბიზნესმენს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად მის სახლში ძალის გამოყენებით შევარდა და დაპირისპრიება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

როგორც "ტვ პირველს" უყვებიან, სწორედ ამ დროს გამოიტანა 64 წლის ბიზნესმენმა სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც სამი გასროლა მოჰყვა და გულში მიღებული ჭრილობით, 37 წლის მეზობელი ადგილზე გარდაიცვალა.  

მსგავსი სიახლეები