ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, 4 ივლისს ივანე მაჭავარიანი გამოიკითხება

03.07.25 21:13
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, 4 ივლისს ივანე მაჭავარიანი გამოიკითხება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 4 ივლისს გამოკითხვაზე საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანია დაბარებული.

“ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ივანე მაჭავარიანი უწყებაში 13:00 საათზე მივა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მსგავსი სიახლეები