იდენტიფიცირებულია სასამართლოს ერთ-ერთი მანდატური, რომელსაც მოქალაქეები ძალადობაში ამხელენ

04.07.25 11:53
იდენტიფიცირებულია სასამართლოს ერთ-ერთი მანდატური, რომელსაც მოქალაქეები ძალადობაში ამხელენ

იდენტიფიცირებულია სასამართლოს ერთ-ერთი მანდატური, რომელსაც მოქალაქეები ძალადობაში ამხელენ - ის ბექა სადრაძეა. დაზარალებული მოქალაქეები აცხადებენ, რომ აღნიშნული მანდატური გუშინ, როდესაც სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის საქმეზე დასკვნითი პროცესი იმართებოდა, სასამართლოს დერეფანში მომხდარი დაპირისპირების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.  

სასამართლოდან, გუშინ მანდატურების მხრიდან ძალადობის არაერთი კადრი გავრცელდა. ერთ-ერთ კადრში ჩანს, რომ მანდატურ ბექა სადრაძის კოლეგა ყელში უჭერს მოქალაქე ლადო ჯახუას და ასე ცდილობს დაატოვებინოს დერეფანი, ამის შემდეგ ვიდეოში ჩანს, რომ ბექა სადრაძე უახლოვდება ამ მოქალაქეს და სწორედ სადრაძეს გამოჰყავს ის სასამართლოდან გარეთ. 

თუ ვინ გასცა ბრძანება, რომ მანდატურის სამსახურს მოქალაქეები ძალის გამოყენებით გამოეყვანა სასამართლო შენობიდან - ეს კითხვა დღეს "პირველებმა" მანდატურის წარმომადგენლებს დაუვსა, თუმცა მათ კითხვებს არ უპასუხეს და არც ის თქვეს, იწყება თუ არა რომელიმე მათგანის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება. 

მომხდარი ფაქტიდან უკვე 24 საათი გადის, თუმცა ამ დრომდე არც ერთი შესაბამისი საგამოძიებო ორგანო მანდატურების ქმედებებით არ დაინტერესებულა, არადა დაზარალებულ მოქალაქეებს ხილული დაზიანებები აქვთ მიღებული, ნაწილს მედიკოსების დახმარებაც დასჭირდა და სასწრაფო დახმარებამ გუშინ კლინიკაშიც კი გადაიყვანა. 

"აქამდე ვხედავდი მანდატურების ფიზიკურ ძალადობას ხალხის მიმართ, მაგრამ დღევანდელი ძალადობა იყო სრულიად განსხვავებული, როდესაც აი აქ ვხედავდი იყო სრულიად განსხვავებული კადრები. 
უბრალოდ ადამიანი ვიდექი და მოვარდა რამდენიმე მანდატური, რომლებიც ფიზიკურად გამისწორდნენ და უამრავი ხერხი სცადეს ჩემი განრიდების ამ ტერიტორიიდან. ერთმა კონკრეტულმა მანდატურმა ხელი კისრის არეში მომიჭირა და შემდეგ ორმა მანდატურმა ხელი მომიგრიხა, ამის შემდეგ მხვდება სახის არეში ერთი მუშტი და მეორე ბეჭის უკანა მხარეში და შემდეგ ძალის გამოყენებით გავყავარ გარეთ, იქაც რამდენიმეჯერ მომხვდა მანდატურებისგან ხელი მე პირადად. 
თავს ვგრძნობ შედარებით სუსტად იმიტომ, რომ აღმენიშნება ცხვირისა და მხრის დაჟეჟილობა."- ამბობს ლადო ჯახუა. 

მსგავსი სიახლეები