ანდრო ჭიჭინაძე: „ოცნების“ წევრის მხრიდან ეუთოს ასამბლეაზე მორიგ ჯერზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა

04.07.25 13:30
ანდრო ჭიჭინაძე: „ოცნების“ წევრის მხრიდან ეუთოს ასამბლეაზე მორიგ ჯერზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა

სინდისის პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე "ოცნებას" უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ამხელს.

ბრალდებულმა მსახიობმა დღეს განსასჯელის სკამიდან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის მხრიდან ეუთოს ასამბლეაზე მორიგ ჯერზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის მორიგი დარღვევა, სადაც "თქვა ყველა ბრალდებულზე, რომ ეს ადამიანები პოლიციელებს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობასო"

„ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით არ გავატარებთ“ - თქვა მსახიობმა.

ანდრო ჭიჭინაძემ დღეს ასევე ნაცისტური გერმანიისა და დღევანდელი საქართველოს პროკურატურა შეადარა ერთმანეთს და თქვა, რომ "საერთო ნიშნები" არსებობს. 

„მესმის, რომ შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს ერთი და იგივე, მაგრამ გავუსვამ ხაზს ერთ ფაქტს, რომ მორიგ ჯერზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის და მაღალჩინისნის მხრიდამ ეუთოს ასამბლეაზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის მორიგი დარღვევა, სადაც თქვა ყველა ბრალდებულზე, მათ შორის ჩემზე და დანარჩენ აქ მყოფებზე, რომ თურმე ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ა. შ. მოიხსენიებენ პოლიტიკურ პატიმრებად, ეს ადამიანები პოლიციელებს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობასო.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით არ გავატარებთ. უკვე მესამე თუ მეოთხე შემთხვევაა, დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

ცოტა ისტორიულ წარსულშიც უნდა დავბრუნდე. მე მახსენდება ასეთი ფაქტი, 1944-45 წლებში ნაცისტურ გერმანიაში არსებობდა კანონი, სადაც არ შეიძლებოდა ფიურერის გაკრიტიკება. რომ წარმოიდგინოთ, ამ პირობებში, ცოლ- ქმარი წვანან ლოგინში და ქმარმა ცოლს ფიურერზე გაუზიარა კრიტიკული აზრი. ამის შემდეგ მათ იჩხუბეს და ცოლმა ქმარი დააბეზღა, ეს კაცი კი დაიჭირეს. პროკურატურა ამ კაცს ედავებოდა ფიურერის საჯარო კრიტიკას. აბსურდია ხომ? მეტიც, ამ კაცს პროკურატურა ედავებოდა იმას, რომ შესაძლოა, ეს იდეა ამ კაცთან მისულიყო რაღაც სივრციდან, სადაც მრავალი ადამიანი ლაპარაკობდა თავის კრიტიკულ აზრს, ამ კაცმა კი გაუზიარა ცოლს. შემდგომ, შესაძლოა, ეს აზრი მომავალშიც განვითარებულიყო ისეთ ადგილას, სადაც ასევე ბევრი ადამიანი იქნებოდა, ამიტომ ეს ადამიანი უნდა დასჯილიყო სიკვდილით. მე მგონი, საერთო რაღაცების დაჭერა შეიძლება ამ ამბავში, იმიტომ, რომ აბსოლუტური აბსურდული ლოგიკაა. ამ ამბავს ჰქონდა ძალიან კარგი დასასრული. ნაცისტებმა ომი წააგეს, 1945 წელია და ვერ მოასწრეს ამ კაცის სიკვდილით დასჯა. მე. საერთო ნიუანსებს ვხედავ იმ ლოგიკაში, რასაც იმ დროინდელი პროკურატურა ამყარებდა და იმ რაღაც საქმეში, რომელიც დაახლოებით ასი წლის წინ ვითარდებოდა ნაცისტურ გერმანიაში“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.(ipn)

3 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები და განაცხადა, რომ „მოლოტოვის“ კოქტეილებით „შეიარაღებული“ თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა ხდება“.

მსგავსი სიახლეები