"დაუყოვნებლივ დაეკისროს სანქციები "ოცნებას" - ქართველი ემიგრანტების მიმართვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს

ქართველი ემიგრანტების ვროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართავენ და მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაეკისროს სანქციები „ქართულ ოცნებას“.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “ქართველ საზოგადოებას არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნების გამომხატველია.“
მიმართვას ხელს აწერენ ქართველი ემიგრანტების ორგანიზაციები 20-მდე ქვეყნიდან, მათ შორის: ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, ნორვეგია, პოლონეთი, ისლანდია, დანია, ლიტვა, ჩეხეთი, კანადა და გაერთიანებული სამეფო.
15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში მოქმედმა ქართველთა ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი მიმართვა, რომ საბჭოს დღის წესრიგში დაუყოვნებლივ იქნას შეტანილი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი.
მიმართვაში ხაზგასმულია, რომ:
• ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ;
• სასამართლო და საპატიმრო სისტემა გამოიყენება როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი;
• რუსეთის ინტერესების გამტარებელი რეჟიმი ანგრევს საქართველოს ევროპულ მომავალს.ემიგრანტური ორგანიზაციები ევროკავშირს მოუწოდებენ:
- საჯაროდ დაუჭიროს მხარი ქართველ ხალხს, ვინც იბრძვის დემოკრატიისა და დასავლური კურსისთვის;
- დაწესდეს მიზნობრივი სანქციები რეჟიმის ლიდერებზე, ძალადობის ორგანიზატორებზე და რუსეთის გავლენის გამტარებზე;
- ჩაერთოს პროცესში აქტიურად, რადგან ქართველ საზოგადოებას არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნების გამომხატველია.
მიმართვას თან ახლავს დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს რეჟიმის სისტემურ ძალადობასა და ანტიდასავლურ ქმედებებს,- ვკითხულობთ ემიგრანტების განცხადებაში.