მზია ამაღლობელის ადვოკატები ნინო წილოსანის გამოკითხვას ითხოვენ

04.07.25 15:33
მზია ამაღლობელის ადვოკატები ნინო წილოსანის გამოკითხვას ითხოვენ

მზია ამაღლობელის ადვოკატები “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის გამოკითხვას ითხოვენ.

ისინი აყენებენ შუამდგომლობას საქმეს დაერთოს ნინო წილოსანის განცხადება, სადაც წილოსანი საუბრობს იმაზე, რომ მზია ამაღლობელი მოქმედებდა “დაქირავებით, ფულის გადახდით და აგენტურული საქმიანობის ფარგლებში”.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს არ არის პოლიტიკური შეფასება, ვინაიდან წილოსანი საუბრობს მტკიცებით ფორმატში, და იგი საუბრობს ისე, თითქოს იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას. მას პროცესზე მიტანილი აქვს CD დისკი, სადაც წილოსანის ხსენებული განცხადებაა განთავსებული. 

მოსამართლე ამბობს, რომ პროკურატურას უნდა მიეცეს ამ შუამდგომლობაზე პოზიციის გამოხატვის საშუალება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

დღევანდელ პროცესზე, ადვოკატების მიერ წარდგენილი მოწმე, “ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე გამოიკითხება.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

მსგავსი სიახლეები