მე, გიორგი ახობაძე და ზვიად რატიანი ერთ საკანში აღმოვჩნდით- ნიკა კაციას წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი, ნიკუშა კაცია ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ის, გიორგი ახობაძე და ზვიად რატიანი ერთ საკანში აღმოჩნდნენ.
კაცია ფაქტით ძალიან გახარებულია და ამბობს, რომ განწყობა სამივეს გადასარევი აქვთ და “პუტინს, მისი რეჟიმის და არაადამიანობის ნებისმიერ მომხრეს, სამ ხმაში აგინებენ“
“ორი სიტყვით გადაეცით დანარჩენ საქართველოს, რომ ჩვენსავე ხელშია ის შანსი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“,- წერს ის.
მე, გიორგი ახობაძე და ზვიად რატიანი რომ ერთ საკანში აღმოვჩნდით, გაგიხარდათ ვიცი. ჩემი ძმის დახმარებით ამ კომენტარს, ახლა ის ადამიანები კითხულობთ, ვისაც ჩვენი გადაკვეთა გაგიხარდათ. ისე რა მოხდებოდა თავიდანვე რომ ერთად ვყოფილიყავით, თუნდაც მე და გიორგი? ან ახლა რა მოხდა, რაიმე ისეთი გავიგე ახობაძეზე რაც მანამდე არ ვიცოდი? ახლაც და სულაც ვიცი, ისეთივე მართალია ყველა როგორც მე. მეც ისეთივე მართალი ვარ როგორც ყველა, რეჟიმის ყველა ტყვე. ახობაძე რანაირად მოგრიალდა მერე მოგიყვებით. "კამერიდან" გადმოვიდა თუ რიტუალების სასახლიდან არ ვიცი. საკანიც არის და საკანიც. თან ვემუქრები, ყველგან მოვყვები მეთქი "პატარძალივით" ვიზიტის შესახებ. ზვიადისთვის წერილის მიწერა აღარ მჭირდება, უწყვეტ პროტესტში უწყვეტად მონაწილეობის გამო. ან აქვე დავწერ და მაგიდაზე დავუტოვებ. მოკლედ განწყობა გადასარევი, მუხტი არაჩვეულებრივი.
პუტინს, მისი რეჟიმის და არაადამიანობის ნებისმიერ მომხრეს, სამ ხმაში ვაგინებთ. ვიძინებთ და ვიღვიძებთ რწმენით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ პატარა სიახლემ რომ გაგახარათ, მითხრეს და ჩემი სურვილის შესახებაც, ორი სიტყვით გადაეცით დანარჩენ საქართველოს, რომ ჩვენსავე ხელშია ის შანსი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. გაერთიანდით, ერთად დადექით, არ გაუშვათ ერთმანეთს ხელი და პატარა სიხარული დიდი ბედნიერებად გადაიქცევა. ჟურნალისტი, რეჟიმის ტყვე, ნიკუშა ბედნიერი კაცია,- წერია კაციას წერილში.