ქობულეთის მერიამ 400 000 ლარად საშხაპეები შეიძინა — მათ შორის ცხოველებისთვისაც

ქობულეთის მუნიციპალიტეტი 400 000 ლარს დახარჯავს ახალი საშხაპეების შესაძენად, მათ შორის საშხაპეებს იძენენ ცხოველებისთვისაც. შესყიდვა ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი ხელშეკრულებით ხორციელდება. შესაბამისი დოკუმენტი "პირველებმა" მოიპოვა.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია „გეოლოდიმ“ ქობულეთის მერიას 20 ახალი საშხაპე ივლისის ბოლოსთვის უნდა მიაწოდოს - იმ დროისთვის, როდესაც ტურისტული სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება.
ადგილობრივები გადაწყვეტილებას დაგვიანებულად მიიჩნევენ და ეჭვქვეშ აყენებენ როგორც ვადებს, ისე თავად იდეას - საშხაპეების მოწყობას ცხოველებისთვის.
კომპანია „გეოლოდის“ ხელმძღვანელმა შოთა მიქელაძემ "პირველებთან" საუბარში თქვა, რომ სამუშაოები დათქმულ ვადებში დასრულდება, თუმცა დეტალებზე საუბარს თავი აარიდა. კითხვაზე, როდის დაიწყება საშხაპეების დამზადება, პასუხი არ გაუცია.
მუნიციპალიტეტმა „პირველების“ კითხვებს წერილობით უპასუხა. მერიის განმარტებით, ბულვარსა და ზღვისპირა სკვერებში ამ დროისთვის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო არსებული საშხაპეების მონტაჟი ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, თუმცა უხვი ნალექის გამო ისინი დაზიანდა.
მერიაში აცხადებენ, რომ თავდაპირველად შესყიდვა ტენდერით იგეგმებოდა, თუმცა პროცედურა დროში გაიწელებოდა, რის გამოც არჩევანი პირდაპირ ხელშეკრულებაზე გაკეთდა.
ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.