დაკავებული გიორგი რამიშვილი ადვოკატმა მოინახულა - რას ამბობს ირმა ჭკადუა
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა", დიღმის იზოლატორში მისმა ინტერესების დამცველმა მოინახულა. ირმა ჭკადუამ თავდაპირველად დამალა, რომ რამიშვილის ადვოკატი სწორედ ის იყო, თუმცა მოგვიანებით, "პირველებთან" სატელეფონო საუბრისას აღნიშნული დაადასტურა.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც რამიშვილს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ჭკადუას თქმით, მომხდართა დაკავშირებით ბიზნესმენი განცხადებას თავადაც გაავრცელებს.
ბრალის შემდგომ ამ პოზიციას გაგაცნობთ აუცილებლად. გარდა ამისა, თავადაც გააკეთებს განცხადებას, - ამბობს ინტერესების დამცველი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "სილქნეთის" მფლობელი გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რამიშვილს გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონია.
გიორგი რამიშვილს ბრალს რამდენიმე საათში ოფიციალურად წარუდგენენ. დღესვე ჩაინიშნება პროცესი, სადაც მოსამართლე მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.