რატომ ჰქონდა რამიშვილს აეროპორტში ცეცხლსასროლი იარაღი - რას ამბობს ადვოკატი
რა უნდოდა იარაღით, მჭიდით და ვაზნებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი რამიშვილს? - დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ, ჩანთები აერია. საქმესთან დაკავშირებულ მეტ დეტალს ირმა ჭკადუა არ ამხელს. ამბობს, რომ საკითხზე თავად დაკავებული ბიზნესმენი გაავრცელებს განცხადებას, ან ჩვენებას სასამართლო სხდომაზე მისცემს.
მოხდა ასეთი გაუთვალისწინებელი შეცდომა. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გავაკეთებთ ერთობლივ განცხადებას. არანაირი კავშირი პოლიტიკასთან ამ ფაქტს არ აქვს. თქვენც ხვდებით ალბათ, რომ პარიზში, აეროპორტში არ შეიძლებოდა, ჩანთით იარაღი წაეღო. აქ საუბარია შენახვის უფლებით რეგისტრირებულ კანონიერ იარაღზე. როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, ამასთან დაკავშირებით მისცემს ჩვენებას გამოძიებას და მოგვიანებით თქვენთვის იქნება ცნობილი. ბატონი გიორგი რამიშვილი აუცილებლად გააკეთებს განმარტებას თავად. ეს იქნება განცხადების სახით თუ ამას გააკეთებს პროცესზე, ამას თავად გადაწყვეტს, - ამბობს ადვოკატი.
დაკავებული ბიზესმენი გიორგი რამიშვილი ახლა დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. დღესვე სასამართლო მის აღკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელებს.