სინდისის 11 პატიმრის პროცესზე გდდ-ის სპეცრაზმელი იკითხება - რა ჩვენება მისცა სპეცრაზმელმა

07.07.25 16:55
სინდისის 11 პატიმრის პროცესზე გდდ-ის სპეცრაზმელი იკითხება - რა ჩვენება მისცა სპეცრაზმელმა

აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესზე გდდ-ის სპეცრაზმელი ნუგზარ მირიანაშვილი იკითხება.

სპეცრაზმელის ფოტოს სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მირიანაშვილი ამტკიცებს, რომ აქციაზე მას პიროტექნიკა მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა იქვე თქვა, რომ ვერ დაინახა ვინ ესროლა.

 „30 ნოემბერს მივედით და „ქორთიარდ მერიოტთან" განვლაგდით. ჩავიცვით სპეცაღჭურვილობა, ე.წ. რობოკოპი. 11 საათის შემდეგ აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს, ჩანდა როგორ ისროდნენ პიროტექნიკას პარლამენტისკენ. დრონებითაც ვიყურებდით და ვნახულობდით როგორ ვითარდებოდა სიტუაცია. 
გადაადგილებას ვიწყებთ წესრიგის აღდგენისთვის რუსთაველის მიმართულებით. 9 აპრილის კვეთაზე დაგვხვდა ბარიკადები, სხვადასხვა ნივთებით იყო ჩახერგილი გზა. დავიწყეთ გასუფთავება, იყო ჩვენი მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა, შეურაცხყოფა, პიროტექნიკის სროლა. 
გავწმინდეთ ტერიტორია ბარიკადებისგან, განვაგრძეთ გზა, მომიტინგეები უკან იხევდნენ. უკან მოგვყვებოდა ჭავლის მანქანა და ე.წ. გაფრთხილების მანქანა. პირველ სკოლასის მერე, დაახლოებით „თბილისი მერიოტთან" გავჩერდით, გრძელდებოდა ჩვენი მიმართულებით საგნების სროლა, შეურაცხყოფა.
ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა და მომიწია ჩანაცვლება [წინა ხაზში]. დაიწყო შემდეგ ინტენსიური სროლა. ფარი ზემოთ ამეწია თუ ქვემოთ, ვეღარ ვხვდებოდით.
მომხვდა პიროტექნიკა, რომელიც ზედვე აფეთქდა. გადამიყვანეს სასწრაფოს მანქანასთან... მე მესამე მანქანას გამაყოლეს, რადგან ჩემზე მეტად დაზიანებული პოლიციელიც მოიყვანეს. ორი კვირა მომიწია რეაბილიტაცია. 
არცერთი ბრალდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, ვერ დავადასტურებ და ვერც უარყვოფ, რომ მათი ნასროლი მომხვდა. ვერ დავინახე ვინ მესროლა, იყო სიბნელე, იყო ლაზერები, ჩაფხუტიც მეკეთა და მხედველობის არეალი შემცირებული მქონდა", - განაცხადა მან "პუბლიკას" თანახმად.