"ზარალა" განცხადების გასავრცელებლად ემზადება
რამდენიმე წუთის წინ, გიორგი რამიშვილს („ზარალა”) ბრალი წარედგინა - პროკურატურა მისთვის აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს.
პროკურატურის განცხადებამდე ინტერნეტ ქსელის მფლობელთან დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი იმყოფებოდა.
ირმა ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ბრალის წარდგენა, რადგან სურს, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
ამასთან, ირმა ჭკადუა ჟურნალისტებს ეუბნება, რომ რამიშვილი საკუთარ პოზიციას განცხადების სახით გაავრცელებს.
ბატონი გიორგი ელოდება, რომ მოვიდნენ გამომძიებლები. მისი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს და რაც შეიძლება ჩქარა თავისი პოზიცია დააფიქსიროს. რაც შეეხება მასმედიას, მას აქვს ასეთი პოზიცია, გადმოგცათ, რომ აუცილებლად გაავრცელებს განცხადებას, - ამბობს ირმა ჭკადუა.
მანამდე ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ რამიშვილის დაკავებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და მისი თქმით, სწორედ ამასვე ამბობს თავად ბიზნესმენიც.
რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ არანაირად ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახით პოლიტიკურ პროცესებს, - ამბობს ადვოკატი.
ინტერნეტ ქსელის მფლობელს, Euronews Georgia-ს დამფუძნებელს და დონალდ ტრამპის ძველ ბიზნესპარტნიორს ხელბორკილები გუშინ აეროპორტში დაადეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. უწყების ცნობით, აღნიშნული იარაღი რამიშვილს გაფორმებული ჰქონდა, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონია.