გასროლა, რომელმაც ბევრი კითხვა დატოვა - რა მოხდა საგარეჯოში (ახალი დეტალები)
საგარეჯო, ჯაფარიძის ქუჩა, ალეკო ახვლედიანის სახლი - ეს ის ადგილია, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითმკვლელობა სცადა. გულმკერდის არეში დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია, ის ამ წუთებშიც სიცოცხლისთვის იბრძვის. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - მართვით სუნთქვაზეა.
"პირველების" ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის ხმა ღამის 2 საათზე გაიგეს. გელაძის უწყების ვერსიით, რიჟვაძემ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის იარაღით სცადა თვითმკვლელობა. ალექსი ახვლედიანი ახლა გამოძიების ოქროს მოწმეა. გელაძის უწყება ამტკიცებს, რომ სტუმარმა რიჟვაძემ ახვლედიანის დაუდევრად დატოვებული იარაღით ისარგებლა და სუიციდი სცადა.
რამ მიიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე თორნიკე რიჟვაძე ეს ახლა მთავარი კითხვაა. "პირველების" ინფორმაციით, გასროლამდე "ოცნების" მოქმედი მაღალჩინოსნის, ალეკო ახვლედიანის სახლში სუფრა იყო გაშლილი. წყარო გვიყვება, რომ თორნიკე რიჟვაძის გარდა შემთხვევის ადგილზე კიდევ 4 ადამიანი იმყოფებოდა. ვინ არიან ეს პირები ჯერ უცნობია. უცნობია ისიც, გამოკითხვა თუ არა სუფრის წევრები პოლიციამ.
საგამოძიებო მოქმედებები ახვლედიანის სახლში თითქმის 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.