ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე ალბი კორძაიას პატიმრობა მიუსაჯეს

08.07.25 12:24
 ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე ალბი კორძაიას პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში თავად წერს.

კორძაია ზაჰესის იზოლატორთან საკუთარი ფეხით მისვლას აპირებს - "ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან".

სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი.
განაჩენი პატიმრობა 5 დღე.
ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან", - წერს ალბი კორძაია. 

განახლება:

ალბი კორძაია ზაჰესის იზოლატორთან საკუთარი ფეხით მივიდა, საკუთარი ტელეფონით დარეკა 112-ში და იზოლატორში შესახლება მოითხოვა:

მოვედი რომ იზოლატორში შემასახლონ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მორჩა პროცესი, განაჩენი არის 5 დღე პატიმრობა და აქ ვარ და ველოდები. თემა არის ბიძინა ჟამერაშვილი. ბათუმის "ორბიში" შემხვდა სულ შემთხვევით, შევახსენე ცრუ ჩვენება, შევახსენე მათე დევიძე, ვუთხარი მასზე რასაც ვფიქრობდი. გინება არ ყოფილა, მედავებიან სავარაუდოდ, სიტყვას "ნამუსგარეცხილს" და წყევლას "მიწაში იარე", ასევე "ტუტუცოს", მეტი არაფერი ყოფილა ისეთი", - განაცხადა ალბი კორძაიამ.

28 ივნისს ალბი კორძაიამ გაავრცელა მათე დევიძის საქმის ფიგურანტი პოლიციელის, ბიძინა ჟამერაშვილის ვიდეო, სადაც ის შემდეგ სიტყვებს ეუბნება: “ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?! [...] ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული შე უნამუსო, შე ნამუსგარეცხილო“.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს,  მოსამართლემ გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.