"იტყუებით, გასაუბრება არ მომხდარა, მირტყამდნენ მანქანაში" - დავით ხომერიკი მოწმე პოლიციელს

08.07.25 16:32
"იტყუებით, გასაუბრება არ მომხდარა, მირტყამდნენ მანქანაში" - დავით ხომერიკი მოწმე პოლიციელს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, ნიკა კიზირია იკითხება. სწორედ კიზირია იყო ერთ-ერთი, ვინც ხელბორკილები დაადო პროევროპული აქციის მონაწილეს.

მოწმე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ხომერიკს დაკავების მომენტში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს, გაესაუბრნენ და შსს-ში გადაიყვანეს, რაც უარყო თავად სინდისის პატიმარმა.

ხომერიკმა პოლიციელს პირდაპირ უთხრა, რომ "იტყუება" და თქვა, რომ პოლიციელები მანქანაში ურტყამდნენ;

მოწმე ნიკა კიზირია: [მანქანაში] კომუნიკაცია რაც გვქონდა, იყო გასაუბრების ხასიათის. მას ასდიოდა საწვავის სუნი, რაზეც დავუსვით შეკითხვა, თუ საიდან იყო ეს სუნი.

ხომერიკი: სიცრუეა, არანაირი გასაუბრება არ მომხდარა, მირტყამდნენ მანქანაში;

ხომერიკი: ჩემი დაკავება მოხდა მშვიდ სიტუაციაში?

მოწმე: კი, ბატონო

ხომერიკი: თუ მშვიდ სიტუაციაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც სრული სიცრუეა, მე სხვანაირად მახსოვს, ალბათ, რადგან ბრალდებული ვარ, ჩემი სიმართლე მაქვს და ეს სიმართლე ჭეშმარიტია, წესით, ჩემთვის არ უნდა გერტყათ, ხო?

მოწმე: არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. (პუბლიკა)

ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს. 

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.