ტირძნისში ოჯახური კონფლიქტი ფატალურად დასრულდა - ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

08.07.25 20:45
ტირძნისში ოჯახური კონფლიქტი ფატალურად დასრულდა - ქმარმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა

ცოლ-ქმარს შორის დაწყებული სიტყვიერი კონფლიქტი სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 47 წლის ლელა მდინარაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს გამთენიისას ქმარმა მოკლა. ვეფხია ტატიშვილმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები გულ-მკერდის არეში დანით მიაყენა. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. საზარელი მკვლელობა გორში, სოფელ ტირძნისში მოხდა.

მკვლელობაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ცოლის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ ტატიშვილმა პოლიციას და სასწრაფო დახმარებას თავად დაურეკა. მეზობლებმა კი მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.

მთელი დღის განმავლობაში გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კი შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა ამოიღეს. სოფელში ადგილობრივებს უჭირთ სასტიკი დანაშაულის ჩადენის მოტივებზე საუბარი.

ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები