ალექსანდრე ახვლედიანს 30 000- ლარიანი გირაო შეუფარდეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს

08.07.25 20:37
ალექსანდრე ახვლედიანს 30 000- ლარიანი გირაო შეუფარდეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს

ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეკა ბარბაქაძემ ადგილზე თათბირის შემდეგ გამოაცხადა. ახვლედიანს 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს გადახდის ვადად კი 20 დღე განისაზღვრა.

სხდომაზე ბრალდების მხარემ 30 000- ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და არასაპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ადვოკატმა ლალი აფციაურმა სხდომაზე თორნიკე რიჟვაძის მშობლების განცხადებაც წარმოადგინა, სადაც ისინი ალექსი ახვლედიანის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა მის ინტერესებშიც შედის.

ჩვენ დავასაბუთეთ ჩვენი მოთხოვნის საფუძვლიანობა და დააკმაყოფილა სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა. ჩემთვის სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ ბატონ თორნიკეს მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას,  რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და ბატონი ალეკო მათი უახლოესი მეგობარია და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდან, -განაცხადა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა.

მისივე თქმით, ალეკო ახვლედიანის ძმა “აგროჰაბის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენია და შეფარდებულ გირაოს რამდენიმე დღეში გადაიხდის.

ლალი აფციაურმა კითხვების დასმის შემდეგ, თქვა რომ დღეიდან მედიასთან ყველა კომუნიკაციას წყვეტს და ყველა სიტყვას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეათანხმებს.

ალეკო ახვლედიანი სასამართლოს ტერიტორიიდან ისე გაიყვანეს, რომ ჟურნალისტებს მასთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე წარუდგინა ბრალი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები