ნარკოტესტის საბაბით დაწყებული რეიდები გრძელდება - აქტივისტები მიზანმიმართულ რეპრესიებზე საუბრობენ
გუშინ დაწყებული მასობრივი ნარკოშემოწმებები დღესაც გაგრძელდება. ნარკოლოგიურში შემოწმებებზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები გადაჰყავთ. ზოგიერთი მათგანი გუშინ ქუჩაში გააჩერეს და შემოწმებაზე გაყოლა მოსთხოვეს, ზოგს მეგობრის სახლში მიაკითხეს.
"ოცნების" მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ შსს-მ წინდაწინ შეადგინა იმ ადამიანების სიები, რომლებიც აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ გელაძის უწყების მიზანს მათი რეპუტაციის შელახვა და დისკრედიტაცია წარმოადგენს.
აქტივისტი ბექა პაპაშვილი, რომელსაც გუშინ ასევე ნარკოტესტის ჩატარება მოსთხოვეს, შს მინისტრს მიმართავს და ურჩევს, ნარკოტიკზე ჯერ საკუთარი თანამშრომლები შეამოწმოს.
ამ ყველაფერს ვაკავშირებ რეპრესიებთან და იმ მანიაკალურ სისტემასთან, რაც ქვეყანაშია. ახლა ჰქონდათ იმის მცდელობა, რომ მე თუ რაიმე აღმომიჩნდებოდა ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალება, შემდეგ უკვე იზრუნებდნენ იმაზე, რომ ორგანიზმში კი არა, ჯიბეში ან სახლში აღმოეჩინათ რაიმე და ამით გამოვეკეტე საპყრობლეში. თუმცა, ეს მეთოდი ჩაუვარდა გეკა გელაძეს, მე სრულიად სუფთა გახლავართ. რა თქმა უნდა, როდესაც მოქალაქეებს, ამ პატიოსან ადამიანებს გვამოწმებენ ნარკოტესტზე, გელა გელაძეს მივმართავ, პირველ რიგში, თქვენი თანამშრომლები შეამოწმეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, თუ ვინ რას მოიხმარ და ა.შ. ჩვენს შემოწმებას, პირველ რიგში, თქვენი ბიჭები უნდა შეამოწმოთ, იმიტომ, რომ ისინი არიან საჯარო მოხელეები, ისინი იღებენ ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ისინი არიან ვალდებულები, რომ იყვნენ სუფთა და არ იღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, - თქვა გუშინ ბექა პაპაშვილმა ნარკოტესტის გავლის შემდეგ.
აღნიშნულ რეიდებს აქტივისტების დაშინების მცდელობად აფასებს კიდევ ერთი აქტივისტი ლაშა დგებუაძე, რომელსაც გუშინ ასევე ნარკოტესტი ჩაუტარეს.
აქტიური აქტივისტები ვართ და ამით ცდილობენ ჩვენს დაშინებას, მაგრამ არ გამოუვათ. პირველ რიგში, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ყოველთვის, ყველგან და მალე გამარჯვება. უნდათ, რომ დაგვაშინონ, გაგვაჩუმონ და როგორც თვითონ აწყობთ, ყველაფერი ისე შეკერონ, - ამბობს ლაშა დგებუაძე.
მეორე დღეა "პირველები" ცდილობს შსს-გან მიიღოს პასუხი კითხვებზე, რატომ გახდა საჭირო საპოლიციო რეიდების ჩატარება, რის საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ კონკრეტული ადამიანები შეემოწმებინათ, თუმცა ამ დრომდე უწყება დასმულ კითხვებს არ პასუხობს.