აღშფოთებული ვარ პროკურატურით და სამართალდამცავებით, ჩვენს მიმართ არასამართლიანი ბრალდებაა - სერგეი კუხარჩუკი
სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ვიდეო-გადაღების გარეშე მიმდინარეობს.
სხდომას ისევ არ ესწრება რეზო კიკნაძე, რომელიც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომიდან გააძევა.
ცოტა ხნის წინ სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა სინდისის პატიმარმა სერგეი კუხარჩუკმა. უკრაინის მოქალაქემ სასამართლოს პირდაპირ უთხრა, რომ უსამართლო სასამართლოს პირობებში უწევთ სინდისის ყველა პატიმარს თავის დაცვა.
აღშფოთებული ვარ პროკურატურით და სამართალდამცავებით, ჩვენს მიმართ არასამართლიანი ბრალდებაა - განაცხდა კუხარჩუკმა.
პირველად ვხედავ, პატიოსანი და უდანაშაულო ხალხი ისხდნენ ბრალდებულის სკამებზე, ჩემი მისამართით ბრალდება არის უსაფუძვლო. დაკავებულები ვართ და ჩვენს მიმართ გამოყენებულია არასამართლიანი ბრალდება, მტკიცებულეები რომლებიც ფიზიკურად არ არსებობს. აღშფოთებული ვარ პროკურატურის და სამართალდამცავი ორგანოების. ჩემი აზრით, სასამართლოში სიცრუეა და არ არის სამართლიანი სასამართლო, გაუმარჯოს საქართველოს, დიდება უკრაინას", - განაცხადა კუხარჩუკმა.
ის უკრაინის მოქალაქეა, ქართულ ენას არ ფლობს, შესაბამისად, თარჯიმნით სარგებლობს, სწორედ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დააფიქსირა დაცვის მხარემ პრეტენზია. ადვოკატ ბექა ხახობაშვილის თქმით, ბრალდებულმა „სლავა უკრაინაო" თქვა, თარჯიმანმა კი „უკრაინა სლავაო" თარგმნა.
ადვოკატის თქმით, ის ვერ იგებს, რას უთარგმნის თარჯიმანი და ამის კონტროლი არ არის.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.