ჩვენი დაშინება და ნარკომანებად გასაღება უნდოდათ, არ გამოუვიდათ - აქტივისტი ნარკორეიდებზე
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კუპატაძე გუშინ განვითარებულ მოვლენებს მორიგ რეპრესიულ კამპანიად აფასებს და აცხადებს, რომ შსს-ს წარმომადგენლები ცდილობდნენ, აქტივისტები ნარკოლოგიური შემოწმებით დაეშინებინათ და საზოგადოებისთვის ნარკოტიკდამოკიდებულებად შეესაღებინათ.
კუპატაძის თქმით, მას ადგილზე განუცხადეს, რომ ოპერატიული ინფორმაციით ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, სანდოობის გამო, მან უარი თქვა ადგილზე ტესტის აღებაზე და საკუთარი სურვილით მივიდა სამხარაულში.
მისი თქმით, სპეცოპერაციამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან პროპაგანდისტულმა მედიამაც კი ვერ გაბედა "რეიდების" გაშუქება, რადგან შედეგი ნულოვანია.
მითხრეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მე ადგილზე ვიმყოფებოდი ნარკოლოგიური თრობის ქვეშ. რა თქმა უნდა, მქონდა შესაძლებლობა, ადგილზე ამეღო ტესტი და წავსულიყავით სამხარაულში, თუმცა სჯობს, რომ წავიდეთ სამხარაულში, ადგილზე ნდობა ნაკლებია, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართ. წავედი სამხარაულში, ავიღე ტესტი, დღეს მოვიტან და ვაჩვენებ ამ ადამიანებს, რომ მე ნამდვილად სუფათა ვიყავი და ნამდვილად არ ვიყავი ნაკორლოგიურის წინ, იმ დროს, როდესაც რეიდებია ქვეყანაში ნარკოტიკული თრობის ქვეშ.
ამ სპეცოპერაციაში, რეალურად, გავიმარჯვეთ ჩვენ. ანუ მათ სცადეს, რომ შევეშინებინეთ, გავეტეხეთ და ამავდროულად, პროპაგანდისტულად ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, რომ აი, იქ მდგომი ადამიანები, ვინც იცავენ ევროპულ მომავალს, არიან ნარკომანები და საბოლოოდ, მიიღეს შედეგი, რომ პროპაგანდისტულმა მედიებმაც კი ვერ გააშუქეს ეს ფაქტები, იმიტომ, რომ რეალურად, არცერთი ადამიანი, რომელიც მათ ჩათვალეს, რომ არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ, არ აღმოჩნდა ნარკოტული თრობის ქვეშ, - ამბობს გიორგი კუპატაძე.
გუშინ დაწყებული მასობრივი ნარკოშემოწმებები დღესაც გაგრძელდება. ნარკოლოგიურში შემოწმებებზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები გადაჰყავთ. ზოგიერთი მათგანი გუშინ ქუჩაში გააჩერეს და შემოწმებაზე გაყოლა მოსთხოვეს, ზოგს მეგობრის სახლში მიაკითხეს.
"ოცნების" მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ შსს-მ წინდაწინ შეადგინა იმ ადამიანების სიები, რომლებიც აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ გელაძის უწყების მიზანს მათი რეპუტაციის შელახვა და დისკრედიტაცია წარმოადგენს.