"პოლიციელები „ტიტუშკებივით“ იქცეოდნენ, აგრესიულები იყვნენ" - რა ჩვენება მისცეს საბა სხვიტარიძის საქმეზე ნანა მალაშხიამ და ნინო გოგინაშვილმა

09.07.25 15:55
"პოლიციელები „ტიტუშკებივით“ იქცეოდნენ, აგრესიულები იყვნენ" - რა ჩვენება მისცეს საბა სხვიტარიძის საქმეზე ნანა მალაშხიამ და ნინო გოგინაშვილმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ჩვენება „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებმა, ნანა მალაშხიამ და ნინო გოგინაშვილმა მისცეს.

ორივე მათგანმა ინციდენტის დღეს სასტუმრო „ქორთიად მერიოტთან" განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და თქვეს, რომ პოლიციელები "ტიტუშკებივით იქცეოდნენ". 

დღემდე არ მჯერა, რომ ეს ადამიანები პოლიციელები იყვნენ...ვინმეს რომ ეთქვა, ეს ადამიანები არ იყვნენ ტიტუშკები და იყვნენ სამართალდამცველები, არ დავუჯერებდი... არავინ ვიცოდით, არც პარტიებმა, არც საბამ, ვინც იქ იდგა. პოლიციამაც არ იცოდა, რომ პოლიციელები იყვნენ, ასე მგონია.. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ზურა დათუნაშვილი დაიჭირეს, გადავწყვიტეთ წავსულიყავით და პარლამენტთან აქციას შევერთებოდით. პოლიციელების 3-4 რიგის კორდონმა ჩვენ არ გაგვატარა. ამ ადამიანებმა ჩვენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაგვტოვეს ტიტუშკების პირისპირ, რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ პარტიის წარმომადგენლებს. 

როცა პოლიციამ არ გაგვიშვა, ტიტუშკები უფრო აგრესიულები გახდნენ. დავიძარით მაჩაბლის ქუჩისკენ, რომ შემოგვევლო. ვერცხლის ქუჩიდან ჩავედით რუსთაველზე... ოღონდ ესე მარტივად ვერ გავედით, ეს ხალხი მოგვდევდა. შავებში ჩაცმული ადამიანები, რაღაც მანძილზე ჩვენ გამოგვყვნენ, გზაში კომუნიკაცია ჩვენ აღარ გვქონია", - განაცხადა ნინო გოგინაშვილმა. 

„ტიტუშკები“, სახეს მალავდნენ და საეჭვოდ იქცეოდნენ, აგრესიულები იყვნენ, როცა ვეკითხებოდით, ვინ იყვნენ, არ გვპასუხობდნენ. „ტიტუშკა“ შევიცანი, მივედი, ვკითხე, საიდან მოვიდა, ისიც კი ვუთხარი, რომ „ტიტუშკა იყო“, ხმა არ ამოუღია და რამდენიმე დღის შემდეგ, ტელევიზიით გავიგე, რომ ის პოლიციის თანამშრომელი ყოფილა", - თქვა ნანა მალაშხიამ. 

პროკურორის როინ ხინთიბიძის კითხვაზე, საბა სხვიტარიძეს რამე საგანი, ხელკეტი ხომ არ ეჭირა ხელში, მალაშხიამ უარყოფითი პასუხი გასცა.

  • საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესს ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.

შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს ბერა ივანიშვილის ძმაკაც პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებიან. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

  • სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები