ბაღებისა და სკოლების მშენებლობისთვის გამოყოფილი 20 მილიონამდე ლარი და ჭაობად გადაქცეული სამშენებლო პოლიგონი გურიაში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო და ამისთვის ბიუჯეტიდან "ოცნებამ" რამდენიმე მილიონი გამოყო, მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა - "პირველებმა" ადგილზე კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ ტერიტორიაზე ორმოები და ჭაობია.
დოკუმენტებში, რომელიც "ტვ პირველმა" მოიპოვა, წერია რომ 7 მილიონი 4 ბაღისთვის "ოცნებამ" ბიუჯეტიდან გამოყო. სოფელ მთისპირის გარდა, საბავშვო ბაღები უნდა აშენებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მაკვანეთში და ბოხვოურში.
ხელშეკრულებაში ასევე წერია, რომ ბაღების გარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლებიც უნდა აშენებულიყო და ამისთვის "ოცნებამ" 11 მილიონი გამოყო - საერთო ჯამში საუბარია 20 მილიონამდე ლარზე, თუმცა ამ დრომდე გურიაში არც სკოლები აუშენებიათ და არც ბაღები.
ოპოზიციის და ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მშენებლობაზე პასუხისმგებელი ოზურგეთის მაშინდელი ვიცე-მერი გიორგი ღურჯუმელიძე იყო. "პირველები" დღეს შეეცადა ღურჯუმელიძესთვის, რომელიც დღეს გურიის გუბერნატორია და ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძისთვის აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები დაესვა, თუმცა არცერთი მათგანი ზარებს არ პასუხობს, გურის მოსახლეობა კი გადათხრილი ორმოების ამოვსებას ითხოვს, მათ ნაწილს მშენებლობების დაწყების უკვე აღარ სჯერა.
"ეს მშენებლობა 4 წლის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა კი ხედავთ რა მდგომარეობაცაა, ახლა ამბობენ ამ წელს დავიწყებთო და რავიცი, ეს ორმოები მაინც ამოავსონ, გადათხრილი როა ყველაფერი, თორე სკოლებს და ბაღებს აღარ ვჩივით", - ამბობს ადგილობრივი.
გურიის ოპოზიცია კი შესაძლო კორუფციაზე და გაფლანგულ 20 მილიონზე საუბრობს. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თათია ნიკოლაშვილი საუბრობს გადათხრილ ტერიტორიაზე დარღვეულ უსაფრთხოების ზომებზე. მისი თქმით, აღნიშნული ადგილები ახლა ბავშვებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა.
ამ ხელისუფლების პირობებში, მგონი მარტო ბაყაყები არიან კმაყოფილნი. ყველა ადგილზე, სადაც სკოლის და ბაღის ბავშვები უნდა იყვნენ თანამედროვედ მოწყობილ შენობების, ბაყაყები არიან ყველგან. ოზურგეთსა და გურიას, ისევე როგორც მთელ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ მოპარვით არიან დაკავებულები. მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 20 მილიონამდე არის გაფლანგული, შესრულებული არაფერი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, "ქოცებმა" ვერასდროს, ვერცერთ ტრაგედიაზე ვერ ისწავლეს. ყველა ობიექტზე ვნახულობთ დარღვეულ უსაფრთხოების ზომებს, აქ შესაძლოა თავისუფლად შემოვიდეს ბავშვი", - აცხადებს "პირველებთან" თათია ნიკოლაშვილი.