ნარკორეიდები გრძელდება - ამჯერად სამიზნე კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები გახდნენ
ნარკორეიდები გრძელდება - ამჯერად სამიზნე კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები გახდნენ. როკო მწყერაშვილი და თინათინ ბოლოკაძე ნარკოლოგიური შემოწმების მოთხოვნით კრიმინალურმა პოლიციამ სანაპიროზე იმ დროს გააჩერა, როდესაც ავტომბილით გაადგილებოდნენ.
სამართალდამცველებმა მწყერაშვილი ჯერ ალკო, შემდეგ კი ნარკოტესტზე ადგილზევე შეამოწმა, თუმცა პასუხს არ დაელოდა და ნარკოლოგიურში გადასვლა მოსთხოვეს.
ავტომობილს თავად მწყერაშვილი მართავდა. თავდაპირველად პოლიციამ მას უთხრა, რომ თუკი სხვა მძღოლს მიიყვანდა, მისცემდნენ უფლებას, ავტომობილი წაეყვანათ, თუმცა შემდეგ არც მანქანის გაყვანის უფლება მისცეს.
კოალიციის წევრები მომხდარს რეპრესიებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ "ოცნება" მათ დაშინებას ცდილობს.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე პოლიციამ გაგვაჩერა. როცა ვიკითხეთ, რა დავაშავეთ და რატომ გაგვაჩერეს, პასუხი იყო, რომ არ იცოდნენ, იმიტომ, რომ გადმოცემული იყო, აშკარად ნომერი იყო გადმოცემული და ამის საფუძველზე იყო გაჩერებული. გადაამოწმეს ალკოტესტზე, შემდეგ ნერწყვით გადაამოწმეს ნარკოტესტზე, რის შედეგადაც პასუხი უნდა ყოფილიყო 15 წუთში, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხს არც კი დაელოდნენ და მაშინვე გადაიყვანეს ნარკოლოგიურში შესამოწმებლად. ჩვენი პოზიცია იყო, რომ 4 საათში ჩვენ თვითონაც გავქვს, წესით, უფლება, რომ მივიდეთ და ჩვენ თვითონ ჩავაბაროთ ტესტი, თუმცა ამ შემთხვევაში, როკოს ჩამოერთმეოდა მართვის უფლება. აქედან გამომდინარე, იძულებულები გავხდით, რომ ისიც წასულიყო და შეემოწმებინათ ნარკოლოგიურზე.
რაც შეეხება მანქანას, ასე შევთანხმდით, რომ მანქანას დავტოვებდით და ჩვენი მეგობარი მოვიდოდა და წაგვიყვანდა, თუმცა ახლა მანქანასაც არ გვატანენ და გვითხრეს, რომ სანამ არ მორჩება პროცედურა, მანამდე არ გვაქვს უფლება, ჩვენ თვითონ გადავიყვანოთ მანქანა.
ესეც არის ერთ-ერთი იარაღი, რომ მოხდეს მასობრივი დაშინება ადამიანების, რომ თითქოს აქეთ ვიღაცეები კრიმინალები არიან და გაჩნდეს დისკრედიტაცია პოლიტკური ოპონენტების, - ამბობს თინათინ ბოლოკაძე.
"პირველები" დაინტერესდა, რის მიხედვით აჩერებენ მოქალაქეებს და აქვს თუ არა პოლიციას წინდაწინ შედგენილი სიები. სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ მსგავის არაფერი აქვთ.
პოლიციამ გაჩერა ავტომანქანა, მძღოლი შეამოწმეს ალკოტესტზე, ფხიზელი იყო, შემდეგ ნარკოტესტზე და გადაიყვანეს ნარკოლოგიურში. არანაირი სიები ჩვენ არ გვაქვს. რომელშიც ეჭვს შევიტანთ, ვამოწმებთ, - ამტკიცებს პოლიციელი, თუმცა არ აქვს ახსნა, რის მიხედვით შეაქვთ ეჭვი მძღოლის ნარკოტიკულ თრობასთან დაკავშირებით.