"ეს იყო სისტემური მკვლელობა" - წყნეთში, სკვერში გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის დედა დუმილს არღვევს
პირველი ინტერვიუ წყნეთში გარდაცვლილი 16 წლის დათუნა ჟღენტის დედასთან - ქეთი ქავთარაძე ამბობს, რომ 2 წლის შემდეგაც გამოძიებას დამნაშავეების გამოსავლენად და მათი პასუხისმგებლობაში მისაცემად არაფერი გაუკეთებია.
გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის ოჯახის წევრები ამ დრომდე ელოდებიან ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მათი თქმით, გულგრილობა ჩაიდინეს.
"ეს იყო სისტემური მკვლელობა" - ამბობს გარდაცვლილი ბიჭის დედა.
- მოზარდი 2 წლის წინ, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, თუმცა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახისთვის ამ დრომდე დაუდგენელია ვინ გამოიკითხა გამოძიებამ, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში და რატომ არავინ მისცეს პასუხისგებაში ამ დრომდე.
პირველივე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაც ორი პირი იყო დაკავებული - სრული სიცრუეა, არავინ. მეც მეგონა, რომ დაკავებულები იყვნენ და ამის დარდი არ მქონდა, სამედიცინო დასკვნის მოლოდინში, რომ ვიყავი აქდან ჩავერთდე საქმეში. მე თვითონ მომიწია პათანატომთან დარეკვა...
საქმე გადაეცა გია შაიშმელაშვილს. დღესდღეობით ამ საქმის პროკურორი არის გია შაიშმელაშვილი, რომელთანაც მქონდა მრავალგზის სატელეფონო კომუნიკაცია და, სავარაუდოდ, 3-4-ჯერ გვქონდა პირადი შეხვედრები. იყო დაპირებები, იყო რაღაცები, შეიქმნა ოთხტომნახევარი ამ საქმესთან დაკავშირებით, მხოლოდ ის მასალა, რაც იმ ორ დღეში გაკეთდა. გავიდა ორი წელი, მეტი არაფერი გაკეთებულა. არ გვყავს ეჭვმიტანილი, არ გვყავს ბრალდებული, თავისთავად არავინ არ არის დაჭერილი, არავინ. პასუხისმგებლობა არავინ არ აიღო.
ახლა სრულად თავისუფლად ვაცხადებ: ეს არის სისტემური მკვლელობა, შვილი მომიკლეს, დამიღუპეს უპასუხისმგებლობის, უყურადღებობის, საქმისადმი გულგრილი, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. სწორედ ამ პატარ-პატარა რაღაცებმა მიგვიყვანა, რომ დათუნა დღეს ჩემს გვერდზე არ არის...
როცა ვაკე -საბურთალოს გამგებელთან მივედი პირველი კითხვა დავუსვი - ჰქონდა თუ არა დანაშაულის და პასუხისმგებლობის შეგრძნება - ეს ადამიანი დამეთანხმა, კი, მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ დამნაშავედ თავს არ ვგრძნობო"- ამბობს გარდაცვლილი ბიჭის დედა.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის დათუნა ჟღენტი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. 2023 წლის 10 ივლისს უბედური შემთხვევა ე.წ. სამთავრობო ზონაში მოხდა, სადაც მერია სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ბაღში დასასვენებლად თანატოლებთან ერთად შევიდა.
2023 წლის 11 ივლისს ვაკის გამგეობამ დაწერა: "ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა".
მაშინ უწყებამ დაწერა, რომ მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენდა.