"ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება არ მინდა, მაგრამ აქ ახალი ოჯახი შევიძინე" - საბა ჯიქიას საბოლოო სიტყვა
"ჩემსავით ღიმილიანად იყავით" - 19 წლის სინდისის პატიმარმა, საბა ჯიქიამ დღეს დასკვნით პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მან ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა, არ ენერვიულათ.
საბა ჯიქიას განცხადებით, ახალგაზრდობის წლების ციხეში გატარება არ უნდა, თუმცა დაკავებასაც ჰქონდა დადებითი მხარეები - "ახალი ოჯახი შეიძინა".
უღრმესი მადლობა გულშემატკივრობისთვის. მოტივაციაა ჩემთვის ეს და ეს ნიშნავს რომ მარტო არ ვარ. ვხედავთ, როგორ ძალადობენ თქვენზე, ჩაახშონ თავისუფალი აზრი. პროცესებზე იმიტომ დავდივართ, რომ თქვენ გნახათ. მე მეშინია დამარცხების, არ მინდა მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გაგვკიცხოს. არ მინდა მომავალი თაობები გაიზარდონ ამ სიტუაციაში. ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება არ მინდა, მაგრამ დაპატიმრებას ჰქონდა კარგი რამ, ახალი ოჯახი შევიძინე, შვილიშვილებისთვის მექნება მოსაყოლი ამბები. მე ვარ ყველაფრისთვის მზად. გთხოვთ არ ინერვიულოთ რაც არ უნდა იყოს. ჩემსავით ღიმილიანად იყავით.
მადლობა რომ მომეცით საშუალება სამშობლოსთვის დამემტკიცებინა სიყვარული და მებრძოლა იდეისთვის," - განაცხადა საბა ჯიქიამ.
მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად დარბაზიდან უკვე გავიდა.
ჯიქია გომელაურის პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. 2006 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
[ფოტო არქივიდან: "პუბლიკა"]