ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ ახობაძეს ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია - ადვოკატი
"ექსპერტმა დაადასტურა, რომ გიორგი ახობაძის ნერწყვი გადასულია შესაფუთ მასალაზე" - ადვოკატ მარიამ მაძღარაშვილ განმარტებით, აღნიშნული გარემოება ამყარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სინდისის პატიმარს ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია.
მარიამ მაძღარაშვილი ამბობს, რომ გიორგი ახობაძეს ძალით აუღეს ნერწყვის ნიმუში და ხელოვნურად გაადაიტანეს შესაფუთ მასალაზე.
„დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ, კერძოდ დავკითხეთ ჩვენ მიერ დანიშნული ექსპერტიზის პასუხზე ექსპერტები, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ შესაფუთ მასალაზე გადასული იყო ნერწყვი. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან გიორგი აცხადებს, რომ მას დაკავების მომენტში პირის ღრუდან ნერწყვის ნიმუში ძალით, ხელთათმანიანი ხელის გამოსმით აუღეს, რადგან მისი დნმ-ის კვალი გადაეტანათ შესაფუთ მასალაზე. ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია“, - განაცხადა მარიამ მაძღარაშვილმა.
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.