საგამოძიებო მოქმედებები 6 წლის შემდეგ-პროკურატურის წარმომადგენლები 20 ივნისის საქმეზე ექსპერიმენტს ატარებენ
საგამოძიებო მოქმედებები პარლამენტის წინ ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა ადგილზე კვლავ რჩებიან პროკურატურის წარმომადგენლები, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ მოქმედებები განახლდეს.
საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე კვლავ გადაკეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არ არის.
პროკურატურის წარმომადგენლებს, ადგილზე ჰყავდათ 20 ივნისს ერთ-ერთი დაშავებული და აზომვითი სამუშაოებით ცდილობდნენ, დაადგინონ რეზინის ტყვიების ტრაექტორია, რათა მოხდეს კონკრეტული პირების იდენტიფიცირება.
ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, გამომძიებლებთან ერთად, ექსპერტები და თავად დაზარალებული, შესაბამისად, აზომვები, ეს არის გარკვეული ტექნიკური საკითხები, რათა დადგინდეს ზუსტი დეტალები, როგორ განვითარდა მოვლენები. ამ ეტაპისთვის, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, წინასწარ იმის თქმა, ვინ შეიძლება იქნეს ამა თუ იმ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული. ის მოცემულობა, რაც გვქენება, რა მტკიცებულებებიც გვექნება, მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შესაძლოა, გამოიკვეთოს საქმეზე ნებისმიერი პირი და თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა, იქნება კანონით შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული,- უთხრა “პირველებს“ პროკურატურის წარმომადგენელმა.
ერთ-ერთი დაზარალებული, რომელმაც 20 ივნისს დაზიანება მიიღო და ახლა პროკურტურის საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობს, ამბობს, რომ მისთვისაც მნიშვენლოვანი პროცესის სამართლიანად წარმართვა, თუმცა, აქვს კითხვები, რამდენად პოლიტიკურია პროცესი და რამდენად სამართლიანად წარიმართება, ახლა მაინც გამოძიება.
20 ივნისს ჩემი დაჭრა მოხდა მხარში, ახლაც მაქვს ნატყვიარები, პროკურატურას ახლა იმ მომენტის აღდგენა უნდათ, რომ დაახლოებით განსაზღვრონ, საიდან და რომელიც სპეცრაზმელის მიერ მოხდა გასროლა. გადაზომეს დაახლოებით მეტრები. ამ შემთხვევაში, გამოძიება უნდა ემსახურებოდეს ბრძანების შემსრულებელბის და მისი გამცემის დასჯას, რადგან ჩვენს მიმართ იყო არასათანადო ძალების გამოყენება. შუა ივლისში, რატო მაინცდამაინც ახლა, დაჩქარებით რატომ დაიწყო გამოძიება და საით უნდა წაიყვანონ ეს გამოძიება, მე ბევრ კითხვის ნიშანს მიჩენს. შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი მათი კონკურენტის, ამ შემთხვევაში გახარიას დადანაშაულება. არ მჯერა, რომ მაშინდელი და ახლანდელი მთავრობის წარმომადგენლები, ივანიშვილის გარეშე ბედავდნენ რამეს გაკეთებას და თუ ბედავდნენ და გახარია იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, მოთხოვენ ყოფილი კოლეგები ამ ყველაფერს,- ამბობს 20 ივნისის დროს ერთ-ერთი დაზარალებული.
პარლამენტის წინ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის წინ დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.
პროკურტურის განცხადება იხილეთ ვრცლად.