20 ივნისის საქმე 6 წლის შემდეგ გააცოცხლეს - ემზადება თუ არა პროკურატურა გახარიასთვის ბრალის წარსადგენად?
ხელთათმანებით, ბლოკნოტით და საზომი ხელსაწყოებით პროკურატურის თანამშრომლები დღეს რუსთაველზე 20 ივნისის სურათის აღდგენას ცდილობდნენ. გავრილოვის ღამიდან 6 წლის შემდეგ დღეს იქ აღარც გავროლივია და არც ღამე, თუმცა პროკურატურა მთავარ კითხვებზე პასუხის მიღებას 6 წლის შემდეგ მაინც გულმოდგინედ ცდილობს. აინტერესებს, ვინ გაისროლა რეზინის ტყვია, ვის მოხვდა და რა ტრაექტორიით.
2019 წლის 20 ივნისის წინ ეს ტერიტორია სულ სხვანაირი იყო. მაშინ პარლამენტის მიმდებარედ ამ სივრცეს გამწვანება არ ფარავდა. თუმცა, სულ რომ არაფერი შეცვლილიყო, ჩნდება კითხვა, რატომ გაახსენდა პროკურატურას საგამოძიებო ექსპერიმენტი ახლა, შეეძლო თუ არა მისი ჩატარება ამ დრომდე და რა მიზნით განაახლა პროცესი დღეს.
საგამოძიებო უწყებამ მეტი სერიოზულობისთვის პარლამენტთან 20 ივნისის ერთ-ერთი დაზარალებული მიიყვანა. მან დაზიანება 6 წლის წინ მიიღო სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით.
პროცესს არც ვახტანგ ბერიკაშვილი უყურებს დიდი იმედით. მასთან ერთად იმ ღამეს 240 ადამიანი დაშავდა. რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმებისგან მოქალაქეებმა თვალი დაკარგეს. მათი უფლებებისთვის რომ არაფერი გაკეთებულა, ეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ და "ოცნებას" ხელახალი გამოძიება დაავალა. დაზარალებულს არც დღეს აქვს სამართლიანი პროცესის მოლოდინი.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.