8 პროდასავლური პარტიის და სამოქალაქო საზოგადოების განცხადებით, 19 ივლისს აქცია ბათუმშიც გაიმართება
ბათუმში, 8 პროდასავლურმა პარტიამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში, 19 ივლისს, დაგეგმილ აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ აქცია ბათუმშიც გაიმართება 20:00 საათიდან.
მათი თქმით, მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.
"ჩვენ გვინდა თანადგომა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ 19 ივლისს, თბილისში დაგეგმილ აქციას, მის ორგანიზატორებს, ყველა თანამებრძოლს და დავუდასტუროთ ჩვენი ერთგულება ყველა იმ პრინციპისა და იდეისადმი, რომელზეც დგას ჩვენ ქვეყანაში უპრეცედენტო, უწყვეტი, საპროტესტო მოძრაობა.
ჩვენი აქციების მთავარი მიზანი და მოთხოვნა ისევ რჩება პოლიტპატიმართა გათავისუფლება და ახალი არჩევნები, რომლის ჩატარებაც, რეალურად, შეუძლებელია შეძლოს რუსულმა რეჟიმმა. რეჟიმმა რომელსაც მიტაცებული აქვს ქართული სახელმწიფო, ათეულობით პოლიტპატიმარი ჰყავს გამოკეტილი ციხეში, რომელსაც სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლება ჰყავს სრულად უზურპირებული.
ჩვენი მთავარი სამოქმედო გეგმა, ისევ და ისევ, რჩება შეუთანხმებლობა, მიუღებლობა, არ აღიარება და წინააღმდეგობა რეჟიმისა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი საზოგადოებას, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო სექტორმა აჩვენა ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღებისას, როდესაც ჩვენ უარი განვაცხადეთ, აგვესრულებინა რუსული რეჟიმის მოთხოვნა და უარი განვაცხადეთ უცხო ქვეყნის აგენტთა რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
გელოდებით ყველას 19 ივლისს, მათ შორის, ბათუმშიც, 20:00 საათიდან რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ რუსულ რეჟიმს - არა," - განაცხადეს მათ.
ცნობისთვის, 8 პოლიტიკურმა პარტიამ 19 ივლისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა დააანონსა.