დღეიდან მეტროსადგური „ვარკეთილი” 45 დღით დაიკეტა

12.07.25 10:56
დღეიდან მეტროსადგური „ვარკეთილი” 45 დღით დაიკეტა

მეტროსადგურ ვარკეთილში დაგვიანებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო.

დღეიდან მომდევნო 45 დღიის განმავლობაში მგზავრებისთვის სადგური ჩაკეტილი იქნება.

მერიაში ამბობენ, რომ ისეთი ტიპის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის განხორციელებლაც მგზავრების გადაადგილების პირობებში შეუძლებელი იქნება.

ცნობისთვის, მეტროსადგურ ვარკეთილს, 2016 წლიდან არემონტებენ, მკვლევარების თქმით, დაიხარჯა ბევრი მილიონიც, თუმცა დღემდე სამუშაოები არ დასრულებულა. მერიაში ამტკიცებენ რომ პროექტი ამ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს,  ვარკეთილის მოსახლეობას კი მომდევნო 45 დღის განმავლობაში დამატებით ავტობუსები მოემსახურება.

განახლება: 

მეტროსადგური „ვარკეთილის“ დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

„შესაბამისი პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს.

აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ უშუალოდ განახლდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომლის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

მოცემულ პერიოდში, მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, დაინიშნა მუნიციპალური ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, პიკის საათებში 3-წუთიანი ინტერვალით და მგზავრებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები