"უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, სულ დაჩეხილია დანით" - როგორია 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
მარნეულში 16 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე 20 წლის ბიჭია დაკავებული - სკოლის მოსწავლის გადარჩენას კი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, 50 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ. "პირველების" ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც დაჭრილის ოჯახის წევრებს მარნეულის "ჯეო ჰოსპიტაში" ეუბნებიან, მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაშია.
შემთხვევა სოფელ ზემო ყულარში მოხდა. მოზარდი თანასოფლელმა გუშინ იპოვა - "განწირული მთელი ღამის განმავლობაში ითხოპვდა შეველას".
როგორც ოჯახის წევრები "პირველებს" უყვებიან" დაჭრილი სკოლის მოსწავლე, მინდორში, "დანით დაჩეხილი, სისხლში ცურავდა".
უბედურება დატრიალდა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, სულ დაჩეხილია დანით ძლივს ამოიცნეს. მინდორში ეგდო ასეთ მდგომარეობაში. ბიძა ვარ, გვიან გავიგეთ და პირდაპირ საავადმყოფოში მოვედით, ველოდებით მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჯერ კომაშია, ასე გვეუბნებიან", - ამბობს დაჭრილი მოზარდის ბიძა.
როგორც "პირველებს" მარნეულში ეუბნებიან დაჭრილი მოზარდი და 20 წლის ბიჭი, რომელსაც მომხდარზე პოლიციამ ხელბორკილები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაადო, ბავშვობიდან მეგობრობდნენ, ისინი ბოლოს ერთად მაღაზიაში ნახეს. ადგილობრივების თქმით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ ორ ახალგაზრდას შორის კონფლიქტი და დაპირისპირება უძღოდა.
რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკული თრობა სახელდება. როგორც დაჭრილი მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, დაკავებული აქამდეც ხშირად უნახავათ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.
„სავარაუდოდ, ეს უბედურება ღამე მოხდა, რადგან ეს ბავშვი გამთენიას იპოვა იქვე ვინც ცხოვრობს, იმ კაცმა. მომაკვდავი იყო, სულ სისხლში იყო ამოვლებული და გმინავდა, მთელი ღამე შველას ითხოვდა, არ ვიცით როგორ გადარჩა, სულ დაჩეხილია დანით. სხვაგან მიაყენა დაზიანებები, ეგონა, რომ გარდაიცვალა, თავიდან რომ მოეშორებინა, მინდორში გაუყვანია, იქ დააგდო. ჩვენი თანასოფლელია დაკავებული, მაგრამ კარგად არავინ იცნობს და ახასიათებს, მამა ციხეში ჰყავს, მხოლოდ ეს ვიცით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო“, - აცხადებს დაჭრილის ახლობელი.
20 წლის კაცი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინაეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.